Search
ან
ფსტის და ჟოლოს ტორტი
60+ წუთი
რთული
500+ კკალ

“პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა გული ყოველთვის სამზარეულოსკენ მიმიწევდა. გავიზარდე ოჯახში, სადაც  ჭირვეული ბავშვის კვება ორი ბებიის თავის ტკივილი იყო. დიდი ბებია უკრაინელი მყავდა, რომელსაც საოცარი ხელი და გემოვნება ჰქონდა, სახლში მზადდებოდა უამრავი საჭმელი, იქნებ რომელიმე ყოფილიყო ჩემთვის სასურველი. ყოველ დილით მიმზადებდა დღემდე ჩემთვის საყვარელ ბლინებს, რომელიც არასდროს მბეზრდებოდა.  რა თქმა უნდა, სულ ჩართული ვიყავი მომზადების პროცესში. აქედან დაიწყო,  ჩემი  დიდი სიყვარული და ინტერესი სამზარეულოს მიმართ. 
ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ და გადავწყვიტე ეს პროფესია, უფრო მაღალ დონეზე შემესწავლა. ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში, კონდიტერიის მიმართულებით, სადაც საკმაოდ დიდი განათლება და გამოცდილება მივიღე. ამან კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ინტერესი, მესწავლა უფრო და უფრო მეტი და მიმეღწია სასურველი მიზნისთვის.
მეგობრების დაჟინებული თხოვნით, სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოვაყალიბე კომპანია - Frangipane (ფრანჟიპანი), სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმი. ამ ეტაპზე, დესერტების შეძენა მხოლოდ ონლაინ ხდება, თუმცა წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს და იმედია სულ მალე გაიხსნება ჩემი ოცნების სივრცე.” - ნინო მგელაძე
 

ინგრედიენტები
3 3 ცალი კვერცხი
410 410 გრ. შაქარი
90 90 გრ. ხორბლის ფქვილი
200 200 გრ. ფსტის ფქვილი
1 1 ცალი ვანილი
200 200 გრ. ჟოლოს პიურე
100 100 გრ. გაყინული ჟოლო
35 35 გრ. ჟელატინი
150 150 გრ. შედედებული რძე
170 170 მლ. რძე
220 220 გრ. თეთრი შოკოლადი
410 410 მლ. ნაღები 33%-35%
125 125 მლ. წყალი
225 225 გრ. გლუკოზა
საფეხური 1
ფსტის ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კვერცხი - 3ც, შაქარი -105 გ, ხორბლის ფქვილი - 90 გ, ფსტის ფქვილი - 50 გ ვანილი. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით 10 წთ საშუალო სიჩქარეზე. დავამატოთ ფქვილოვანი მასა, ამოვურიოთ მარიზით დელიკატურად. ცომი ჩავასხათ მეტალის ფორმაში. გამოვაცხოთ 170 -180 C-ზე 30 წთ. ფორმის დიამეტრი 20 სმ.
საფეხური 2
ჟოლოს ჟელესთვის დაგჭირდებათ: ჟოლოს პიურე - 200 გ, შაქარი - 50 გ, გაყინული ჟოლო - 100 გ, ჟელატინი - 7 გ. ჟოლოს პიურე და შაქარი მივიყვანოთ ადუღებამდე. ცხელ მასაში ჩავამატოთ წინასწარ დამბალი ჟელატინი. ლითონის უძირო ფორმას ამოვაკრათ გრინი, ჩავასხათ პიურე, დავამატოთ გაყინული ჟოლო და გავყინოთ. ფორმის დიამეტრი 18 სმ.
საფეხური 3
ფსტის ფენის მოსამზადებლად 100 გ ფსტის ფქვილი და 150 გ შედედებული რძე კარგად ავურიოთ. ლითონის უძირო ფორმას ამოვაკრათ გრინი, ჩავასხათ მასა და გავყინოთ. ფორმის დიამეტრი 18 სმ.
საფეხური 4
ფსტის მუსის ინგრედიენტებია: ჟელატინი - 10 გ, რძე - 170 მლ, შაქარი - 30გ, თეთრი შოკოლადი - 120 გ, ნაღები 33%-35% - 400 მლ, ფსტის ფქვილი - 50 გ. რძე, ფსტა და შაქარი მივიყვანოთ ადუღებამდე.
საფეხური 5
ადუღებული მასა დავასხათ შოკოლადს, დავამატოთ წინასწარ ცივ წყალში დარბილებული ჟელატინი და გადავურიოთ. მასა გავაგრილოთ 35 გრადუსამდე და გადავურიოთ მსუბუქად ათქვეფილი ნაღები.
საფეხური 6
ტორტის აწყობა: ლითონის უძირო ფორმას ამოვაკრათ გრინი და ჩავაფინოთ საკონდიტრო ლენტი. ჩავასხათ მუსის 1/2. ჩავდოთ ჟოლოს ჟელე, დავასხათ ზემოდან დარჩენილი მუსის მასა. ბისკვიტი გავყოთ 2 ნაწილად, ამოვჭრათ (დიამეტრი 18 სმ), დავადოთ გაყინული ფსტის ფენა, ფსტის ფენით ქვემოთ და ჩავძიროთ მუსში. (ვიყენებთ მხოლოდ ბისკვიტის ერთ ნაწილს). ტორტი გავყინოთ. გაყინულ ტორტს გადავასხათ მინანქარი და მოვრთოთ სურვილისამებრ.
საფეხური 7
სარკისებური მინანქრისთვის დაგჭირდებათ: ჟელატინი - 18 გ, წყალი -125 გ, შაქარი - 225 გ, გლუკოზა - 225 გ, ნაღები 33%-35% - 10 გ, თეთრი შოკოლადი - 100 გ. ჟელატინს დავალბობთ წინასწარ. წყალი, შაქარი, გლუკოზა და ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე. ოდნავ გავაგრილოთ და დავასხათ შოკოლადს. დავამატოთ ჟელატინი და დავაბლენდეროთ. (სურვილისამებრ დავამატოთ საკვები საღებავი). მასა კონტაქტურად დავგრინოთ და შევინახოთ მაცივარში 12 საათით სტაბილიზაციისთვის. გამოყენების წინ შევათბოთ და დავაბლენდეროთ. სამუშაო ტემპერატურა 27-30 გრადუსი. მინანქარი გადავასხათ გაყინულ ტორტს.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!