პირველ რიგში მოვამზადოთ სანამი - 40 გრ შაქარი, 80 გრ წყალი და 5 გრ პიტნა მოათავსეთ ქვაბში და ადუღეთ 2-3 წუთი. გააგრილეთ პიტნასთან ერთად, შემდეგ გადაწურეთ. სანამი შეინახეთ გამოყენებამდე.
კრემის მოსამზადებლად წამოადუღეთ 300 გრ რძე და 5 გრ პიტნა. გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ, პიტნა აღარ დაგვჭირდება, რძიანი ქვაბი ხელახლა შემოდგით ცეცხლზე. მოზრდილ ჯამში ხელის სათქვეფით ათქვიფეთ 3 კვერცხის გული და 60 გრ შაქარი, როდესაც მასა გაერთიანდება და გაღიავდება, დაუმატეთ 30 გრ სიმინდის სახამებელი, კარგად მოურიეთ. ადუღებული რძის ნაწილი ჩაასხით კვერცხიან ჯამში, ურიეთ ერთგვაროვნებამდე, დაასხით დარჩენილი რძე, მოურიეთ და დააბრუნეთ ქვაბში. კრემი მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე განუწყვეტელი მორევით, ხელის სათქვეფით. ხარშეთ 3 წუთი. გადმოდგით და ქვაბშივე დაუმატეთ 30 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, კარგად გადათქვიფეთ ვიდრე კარაქი არ დადნება. კრემი გადაიტანეთ სუფთა ჯამში და დააფარეთ გრინი კონტაქტურად. დაელოდეთ კრემის გაცივებას.