“როცა ჭკვიანი თხილის ტრუფელს ვქმნიდი, მინდოდა ცოტა უცნაური დესერტი მიმეღო, არც ტრუფელი, არც ირისი, თან ტრუფელი, თან ირისი, თან ხრაშუნა და თან ხავერდოვანი…
მიყვარს ტრუფელის გასინჯვისას თვალებს რომ ხუჭავენ და იღიმიან. არც კონდიტერი ვარ და არც კვების ტექნოლოგი, მაგრამ ასეთი რეაქციები ძალიან მაფრთიანებს და სხვა საყვარელი საქმეების კეთებაშიც მეხმარება.
მას შემდეგ რაც “ჭკვიანი თხილი” შევქმენი, უკეთესი მენეჯმენტ კონსულტანტი, განათლების ექსპერტი ან ლექტორი იმიტომ ვარ, რომ შემიძლია ჩემი შემოქმედებითი ენერგია ამ, სრულიად განსხვავებულ, სფეროში მივმართო.
“ჭკვიანი თხილი” მე და ჩემმა მეუღლემ ორი წლის წინ დიზაინ აზროვნების და მომხმარებლის გამოცდილების მართვის ყველა ასპექტის გათვალისწინებით შევქმენით. ეს პატარა კომპანიაა, რომელიც ქართული თხილის, ნუშის და მიწისთხილის პასტებს აწარმოებს.
რას გრძნობს, რას ფიქრობს ან რას აკეთებს ადამიანი, რომელიც ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს? ისეთი ადამიანი, როგორც წესი, ჭკვიანი, ყოჩაღი და მოხერხებულია და დროდადრო თავს ტრუფელის მსგავსი ნუგბარით ინებივრებს.”
ნინა ანდრიაძე