Search
ან
ატრია კონ კარნე
30-60 წუთი
საშუალო
1
500+ კკალ

ამ კერძის შექმნას საფუძვლად უდევს დავა ჩემსა და ჩემს იტალიელ მზარეულ მეგობარს შორის. ქართული ატრია არაფრითაა ნაკლები იტალიურ პასტაზე. ამბავი იმით გაგრძელდა, რომ დაიდო ინტერნაციონალური სანაძლეო, იტალიელის პასტა უფრო გემრიელი იქნებოდა თუ ქართული ატრია. დავას განსჯიდნენ საერთო მეგობრები. მომზადებისთვის ორი დღე გვქონდა.

შედეგად, იტალია საქართველოსთან დამარცხდა.

ინგრედიენტები
100 100 გრ. საქონლის ხორცი
300 300 გრ. ფქვილი
2 2 კვერცხი
5 5 მლ. ძმარი
300 300 გრ. კანგაცლილი პომიდვრის კონსერვი
15 15 გრ. ქინძის სუნელი
50 50 გრ. ნიორი
80 80 გრ. სიმინდის სახამებელი
50 50 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
15 15 გრ. შაქარი
20 20 მლ. სოიოს სოუსი
15 15 გრ. ქინძი
საფეხური 1
2 კვერცხი ავთქვიფოთ, ჩავამატოთ ფქვილში, მოვზილოთ, დავამატოთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი. მოვზილოთ ცომი. იმისთვის, რომ ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს, უნდა მოიზილოს მინიმუმ 15 წუთით, უნდა იყოს მაგარი,მაგრამ ოდნავ უფრო რბილი ვიდრე ხინკლის ცომი, შემდეგ უნდა გადაიხვეს გრინში და დაისვენოს მინიმუმ 30 წუთი. პომიდორს გავაცალოთ კანი, დავსრისოთ. ნიორიც დავსრისოთ და დავჭრათ წვრილად, ბულგარული გამოვშიგნოთ, დავჭრათ წვრილ კუბებად. კულინარიის ღმერთები რომ გავახაროთ, ქინძი დავფქვათ სანაყში, რათა მაქსიმალურად არომატული იყოს. პატარა ქვაბი დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ჩავყაროთ გასრესილი პომიდორი, ნიორი, ბულგარული და მოვაყაროთ დაფქვილი ქინძი. გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ ცხარე წიწაკაც. მოვთუშოთ სოუსი 40 წუთით და შიგადაშიგ ვამატოთ წყალი.
საფეხური 2
ხორცი დავჭრათ პატარა, თხელ ნაჭრებად, ღვინოში გავხსნათ სიმინდის სახამებელი და ამ მასაში ამოვავლოთ ხორცი. ღვინო მისცემს არომატს, სახამებელი კი ხორცს დაარბილებს. ამ ტექნიკას აზიურ კულინარიაში აქტიურად ხმარობენ და იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ძროხები სპორტსმენებივით დაკუნთულები არიან, მათ კუნთებს დარბილება ნამდვილად არ აწყენს. არ გეგონოთ, რომ სიმინდი და კარტოფილის სახამებელი ურთიერთშენაცვლებადია, კარტოფილის სახამებელი უფრო მწარეა ვიდრე სიმინდის და უსიამოვნო გემოს ტოვებს. შემდეგ, გავახუროთ ტაფა, ჩავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხორცი შეყავისფრებამდე, შემდეგ მოვხსნათ ცეცხლიდან და ცხიმი გადავწუროთ.
საფეხური 3
ატრიის ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 2 მმ სისქეზე, დავჭრათ რომბებად. როდესაც ტომატის სოუსი მზად იქნება, დავადგათ წყალი დიდი ქვაბით და ავადუღოთ. წყალს დავამატოთ 1.5 ჩაის კოვზი მარილი, ჩავყაროთ ატრია და მოვხარშოთ 7-8 წუთი. პარალელურად, ცხიმისგან გადაწურული ხორცი დავაბრუნოთ საშუალო ცეცხლზე და მოვასხათ იმდენი ტომატის სოუსი, რომ ხორცი კარგად შეინიღბოს სიწითლით. უნდა მივიღოთ სველი მასა, კარგად მოვურიოთ, და ცეცხლს დავუწიოთ. ამ დროისთვის ატრია უკვე მოიხარშებოდა, ამიტომ გადავწუროთ, გადაწურულ ქართულ პასტას გადავიტანთ თეფშზე და ზემოდან გადავასხამთ პომიდვრის სოუსში ამოვლებულ ხორცს.

სერვირება

ატრიას არ დაამატოთ ზეთი მოხარშვის შემდეგ, ამის გამო მოხარშული ცომი ხორცის სოუსს აღარ შეიწოვს, ამით კი გემო იზარალებს. შეგიძლიათ ატრია პირდაპირ ხორციანი სოუსის ჭურჭელში გადაიტანოთ, კარგად ამოზილოთ და ისე გადაიტანოთ თეფშზე.

ექსპერტის რჩევები

რჩევები

ატრიის ცომში შეგიძლიათ დაამატოთ კახური ზეთი და მოსახარშად  წყლის მაგივრად რძე გამოიყენოთ, რაც გაამრავალფეროვნებს კერძს, თუმცა შესაძლოა კერძი გადაიტვირთოს.