Search
ან
დაბუღული ქათამი
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
2
201-500 კკალ

ქართულ კულინარიაში ქათმის ბევრი კერძია, ყველა ძალიან გემრიელი, მაგრამ არცერთი ასეთი განსხვავებული.

წარმოიდგინეთ კერძი, რომელიც აერთიანებს ლიმონის ეთერზეთების სურნელს, ტარხუნის მცენარეულ სუსხს, ნაღების რძიან არომატს, დაბრაწული ქათმის გემოს და სოკოს კრისტალურ ესენციას. ქართული წვნიანებიდან ეს და ჩაქაფული აბსოლუტური ჩემპიონები არიან. ერთ რამეს ვაღიარებ,დაბუღული ქათმის ჩემებური ვარიანტი შთაგონებულია ფრანგული ფრიკასეთი, მაგრამ, გარწმუნებთ, აქ არაფერია ისეთი, რაც საქართველოში არ მოიპოვება, ან არ არის ქართული კულინარიის ნაწილი.

ინგრედიენტები
2 2 ქათმის თეძო-ბარკალი
50 50 მლ. ერბო
100 100 გრ. ქამა სოკო
30 30 გრ. სტაფილო
80 80 მლ. ნაღები
20 20 გრ. ხახვი
30 30 მლ. ზეთი (მზესუმზირის ან სიმინდის)
1 1 გრ. შავი პილპილი
5 5 გრ. ტარხუნა
40 40 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
საფეხური 1
ავარჩიოთ მსუქანი ქათამი. ქათმის ცხიმი, ასევე ცნობილი როგორც შმალცი, ერთ-ერთი დაუფასებელი ცხიმია ქონთა სამყაროში. შმალცის დნობა ქათმის ხორცს აძლევს სასწაულ არომატს, ამიტომ პირველ რიგში, ქათმის გაწმენდის შემდეგ, თეძო-ბარკალს გავაცალოთ ძვლები, მოვათავსოთ ხორცი მაყალის ცხაურზე და დავბრაწოთ ყველა მხრიდან. ქათამს ცხაურზე გარშემო მოვულაგოთ სოკოები, რომ ეს გემრიელი აორთქლებული შმალცი სოკოსაც მოედოს. პარალელურად, ქოთანი ჩავდგათ ნაკვერჩხალში, რომ კარგად გახურდეს.
საფეხური 2
დავჭრათ ხახვი წვრილ კუბებად, იგივე ზომის კუბებად დავჭრათ სტაფილოც. დაბრაწულ ქათამს, სოკოს, ხახვს და სტაფილოს ერთად ჩავუძახოთ თიხის ქოთანში, დავასხათ ნაღები, ჩავაყოლოთ თეთრი ღვინო, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავახუროთ სახურავი და მოვთუშოთ 25 წუთით. ნაკვერჩხალში ჩადებული ქოთანი შეითავსებს არა მხოლოდ ჭურჭლის, არამედ ინგრედიენტის როლსაც, იმიტომ რომ ნაკვერჩხალში დამწვარი თიხა კერძს თავის მიწის არომატს აძლევს.
საფეხური 3
მოთუშვის დასრულების შემდეგ, ამოვიღოთ ქოთანი ნაკვერჩხლიდან, წვრილად ჩავაჭრათ ტარხუნა და ჩავახეხოთ ლიმონის ცედრა, კარგად ამოვურიოთ, მივიტანოთ ცხვირი ახლოს, დავსუნოთ და არაამქვეყნიური არომატისგან შოკში ჩავვარდეთ, მოვიკრიბოთ სული, ვცადოთ რომ სერვირებამდე არ შევჭამოთ მთლიანი კერძი და სახურავი დავახუროთ, რომ არომატი არ გაიფლანგოს.

სერვირება

რადგანაც ამ კერძის ერთ-ერთი არომატული ინგრიდიენტი თეთრი ღვინოა, მას სწორედ თეთრ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ თეთრი შოთის პურის თანხლებით.