Search
ან
უცხო სუნელი

უცხო სუნელი, იგივე ულუმბო, იგივე blue fenugreek (ლათ.Trigonella coerulea) ბალახოვანი მცენარეა,  აქვს სამყურის მსგავსი ფოთლები და ცისფერი ყვავილები. ის პარკოსანთა ოჯახს მიეკუთვნება და მის სამშობლოდ  ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ითვლება. გავრცელებულია როგორც ევროპაში, ისე აზიასა და სამხრეთ აფრიკაში. პოპულარულია არგენტინაში. საქართველოში ველურად იზრდება. ქართულ სამზარეულოში მისი ყვავილები და ნაყოფი ხმელი სახით გამოიყენება სანელებლად. უცხო სუნელის გარეშე არ არსებობს დასავლეთ საქართველოს სამზარეულო. მას ურევენ   ნიგვზიან საკაზმს, რომლითაც აზავებენ  სხვადასხვა მხალეულსა და ხორციან კერძებს. უცხო სუნელი შედის ხარჩოს სუნელის შემადგენლობაში. ულუმბო ძალიან უხდება ხმელ ლობიოს - ყვითელ ყვავილსა და  ხმელ ქინძთან ერთად.

ულუმბოს ნაზი არომატი აქვს,  საინტერესო ტანდემს ქმნის ხმელი ქინძისა და ულუმბოს  კომბინაცია. როდესაც  უცხო სუნელს ვიყენებთ,  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი გადამეტებული რაოდენობა  კერძს არასასიამოვნო, მომწარო გემოს სძენს, ამიტომ ეს სანელებელი მოზომილად უნდა გამოვიყენოთ.

დაფქულ ულუმბოს  ფოთლებს შეიცავს შვეიცარული ყველი - შაბციგერი. უცხო სუნელი ყველს სძენს  სასიამოვნო არომატსა და მომწვანო ფერს. ტიროლის მხარეში დაფქულ უცხო სუნელს პურის ცომს უმატებენ, შედეგად კი  არომატულ პურს იღებენ. ევროპულ სამზარეულოში  ულუმბო შედის სალათების დრესინგის შემადგენლობაში, აცხობენ  უცხო სუნელიან ბლინებს, ურევენ ხაჭოსა და ახალ ყველში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ულუმბოს დამატებით ამზადებენ რომის ერთ-ერთ სახეობას.

ხალხური მედიცინის მიხედვით, თაფლთან ერთად მოხარშული ულუმბო ასთმისა და ხველის წამლად ითვლება. ულუმბოს ზეთი დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლარღვთა და  საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

 

 

თეგები