ოჯახური დღესასწაული წარმოუდგენელია ლამაზად გაშლილი სუფრის გარეშე. შობა-ახალი წელი, აღდგომა, დაბადების დღე თუ ნებისმიერი სხვა ღირსშესანიშნავი თარიღი სადღესასწაულო სუფრით ბოლოვდება. თუ სააღდგომო სუფრის გაწყობისას აქცენტი საგაზაფხულო, ხასხასა ფერებზე კეთდება, საახალწლოდ უპირატესობა ოქროსფერს, ვერცხლისფერს, ლურჯს, თეთრს, წითელსა და მუქ მწვანე ტონებს ენიჭება. დაბადების დღის სუფრის დიზაინი ჩვენი გემოვნებით შეგვიძლია შევარჩიოთ და გავითვალისწინოთ სეზონი, იუბილარის ასაკი და გემოვნება. საბავშვო სუფრა უნდა გამოირჩეოდეს კონტრასრული, კაშკაშა ფერებით, ორიგინალური, ბავშვის გემოვნებაზე მორგებული გაფორმებით. საშემოდგომო სუფრას ოქროსფერი, ნარინჯისფერი ტონები შევურჩიოთ, საგაზაფხულოს კი - სალათისფერი, ღია ყვითელი, ვარდისფერი და იასამნისფერი მოუხდება. შემოდგომის სეზონზე სუფრა საშემოდგომო ყვავილებით ან ფერადი ფოთლებით შეგვიძლია მოვრთოთ. ასევე აქტუალურია ყავისფერი და ხისფერი. არ დაგვავიწყდეს სუფრის აქსესუარები და ჭურჭელი, რომელიც სუფრას ფერითა და ხასიათით უნდა შევუხამოთ. საახალწლო სუფრას ძალიან უხდება წიწვებითა და წითელი კენკრით გაფორმება, ბრჭყვიალა ბაფთები და სანთლები. სააღდგომოს - პასტელური ტონის ფერადი ხელსაწმენდები, ყვავილები და მორთული სააღდგომო კვერცხები.
საზეიმო ელფერის შესაძენად სულაც არ არის აუცილებელი სუფრის გამოყენება, საამისოდ უბრალო ხის მაგიდაც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. გემოვნებით შერჩეული ჭურჭელი, ხელსაწმენდები და დეკორი ძველ მაგიდას ახალისებს და ამასთან, სიმყუდროვის განწყობასაც ქმნის. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ თიხის ან ფერადი კერამიკის ჭურჭელს გამოვიყენებთ.
სულ სხვაა ოფიციალური ვახშამი - ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ თითოეული დეტალი. უკეთესია შევარჩიოთ თეთრი ფერის სუფრა და არ გადავტვირთოთ ის ზედმეტი ატრიბუტიკით. მოსართავად სრულიად საკმარისია ყვავილების თაიგული.