Search
Or
იაპონური სამზარეულო

იაპონური სამზარეულო, ისევე, როგორც იაპონელები, მეტად თავისებური და თვითმყოფადია. იაპონურ სამზარეულოში პრიორიტეტი ენიჭება პროდუქტის გემოს, ფორმისა და ფაქტურის მაქსიმალურად შენარჩუნებას, ამიტომ  სითბური დამუშავება მინიმუმამდეა დაყვანილი. ჯანსაღი საკვების ჰარმონიულმა შეთანხმებამ ესთეტიკასთან იაპონურ სამზარეულოს მთელ მსოფლიოში მოუტანა პოპულარობა და აღიარება.

  იაპონელები ყველაზე აქტიურად თევზეულითა და ბრინჯით იკვებებიან. ზოგიერთ კერძში (მაგ. სუში, საშიმი) უმი თევზის ნაჭრები გამოიყენება. ბრინჯი მარილის გარეშე მზადდება, თუმცა სხვადასხვა სოუსის თანხლებით მიირთმევენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯის უამრავი სახეობა არსებობს, იაპონელები უპირატესობას მაინც საკუთარი წარმოების, იაპონურ ბრინჯს ანიჭებენ, რადგან ის უფრო წებოვანია და ზედგამოჭრილია სუშის მოსამზადებლად. სუში მთელ მსოფლიოში ცნობილი კერძია. მისი ძირითადი ინგრედიენტებია მოხარშული ბრინჯი, უმი თევზი და ნორის ფურცელი, რომელიც წყალმცენარისგან მზადდება. სუშის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს, მაგ. ფუტომაკი, ნიგირიძუში, ებინიგირი, მაკიძუში, ჩაკინძუში  და სხვ.

 საინტერესოა, რომ პოპულარული იაპონური კერძი - ტემპურა - იაპონელებმა პორტუგალიელებისგან გადმოიღეს. ტემპურა კლიარში (თხელ ცომში) ამოვლებული და შემწვარი კრევეტებია, თუმცა ამ მეთოდით ზღვის სხვა პროდუქტს და ბოსტნეულსაც ამზადებენ. ძალზე ფასობს სოკო მაცუტაკე, რომელიც სეზონურად ხარობს და რთული მოსაპოვებელია. იაპონელები ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი თევზის - ფუგუს - ჭამასაც არ ერიდებიან. ფუგუ მხოლოდ სპეციალური სერთიფიკატის მქონე შეფმზარეულმა უნდა მოამზადოს, რომელმაც ზედმიწევნით იცის ამ თევზის დამუშავების საიდუმლო. თუ ფუგუ სათანადოდ არაა დამუშავებული, მან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.

 იაპონელები ნაკლებად მოიხმარენ ხორცს. პოპულარული კერძია იაკიტორი - ტკბილ-ცხარე სოუსში დამარინადებული, ხის მომცრო შამფურებზე შემწვარი ქათმის ხორცი. სასმელებიდან ყველაზე ხშირად სვამენ მწვანე ჩაის, ბრინჯის არაყს - საკეს და ბრინჯისგანვე მოხარშულ ლუდს. იაპონური სუფრა და ჩაის სმის ცერემონია ტრადიციული ეტიკეტის სრული დაცვით მიმდინარეობს.