Search
ან
გემრიელი პიცის საიდუმლო

პიცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საჭმელია. პიცერიას თითქმის ყველა ქვეყანაში შეხვდებით. ბევრი ამ  კერძს შინაც ამზადებს, თუმცა იმისთვის,  რომ პიცა იდეალური გამოვიდეს, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა.

კარგი პიცისთვის, პირველ რიგში, აცილებელია კარგი ცომი. პიცის ცომისთვის გამოიყენებენ უმაღლესი ხარისხის ფქვილს,  წყალს, საფუარს, მარილს, შაქარსა და ზეითუნის ზეთს. ფქვილი გამოყენებამდე აუცილებლად გაცერით. ზეითუნის ზეთი ცომს უფრო ელასტიკურს ხდის. სასურველია, ის იყოს ცივი დაწურვის (extra virgin). წყალი არ უნდა იყოს ხისტი, ზოგ შემთხვევაში გადადუღებულ წყალსაც იყენებენ. თუ გვინდა, ცომი მალე ამოვიდეს,  40 გრადუსამდე გამთბარი წყლით მოვზილოთ. საფუარი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცოცხალი (დაწნეხილი), ისე მშრალი (ფხვნილი). ითვლება, რომ შაქარი საფუვრის მოქმედებას ააქტიურებს, ამიტომ უმატებენ ცომში მცირეოდენ შაქარს. ცომი ხელით 5-7 წუთის განმავლობაში იზილება, თუმცა შეიძლება გამოვიყენოთ მიქსერიც (ცომის მოსაზელი ჯოხები).  მოზელის შემდეგ ცომს უნდა გადავაფაროთ სუფთა ტილო და დავდგათ ასაფუებლად. პიცერიებში პიცა სპეციალურ ღუმლებში ცხვება, 280-320 გრადუსზე, 8-9 წუთის განმავლობაში. ჩვეულებრივ აირღუმელს ასე ვერ გავახურებთ, ამიტომ სახლის პირობებში პიცა 200-230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 10-15 წუთის განმავლობაში უნდა გამოცხვეს. ზოგიერთ ვარიანტში მას ნახევრად აცხობენ, შემდეგ წაუსვამენ პამიდვრის სოუსს, მოაწყობენ სხვადასხვა ინგრედიენტს და აბრუნებენ ღუმელში 5-7 წუთით, სრულ მომზადებამდე. გემრიელი პიცისთვის აუცილებლად ახალი და საუკეთესო ხარისხის პროდუქტი უნდა გამოვიყენოთ. მათი შერჩევა თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ, თუმცა კლასიკური ვარიანტის მიხედვით, ინგრედიენტთა რაოდენობა, ერთი პიცის ტოპინგში, 3-4-ს არ უნდა აჭარბებდეს. პიცას ძალიან უხდება ბაზილიკი ან სანელებლების ნაკრები -  ე.წ. პიცის სუნელი.

თეგები