Search
ან
რესტო გიდი - Corner By The River

დედაენის ბაღში, მდინარის პირას, ერთ ძალიან მყუდრო ადგილს აღმოაჩენთ, საინტერესო და გემრიელი კერძებით, მშვენიერი ხედით მტკვარზე. ბაღში გასეირნების შემდეგ, იდეალური ადგილია ცხელი სასმლის დასალევად და გემრიელად წასახემსებლად, აღმოაჩენთ საბავშვო მენიუსაც, ბავშვების საყვარელი კერძებით. შინაური ცხოველებით მოსულ სტუმრებს აქ განსაკუთრებულად ხვდებიან, ოთხფეხა მეგობრებს საკვებით და წყლით უმასპინძლდებიან. 

გასტრო გიდი ლელა გუნდიშვილს ესაუბრა, კაფე ქორნერის დამფუძნებელს და აღმასრულებელ შეფს. 
“იდეა გაჩნდა ძალიან დიდი ხნის წინ, რომლის ინსპირაციაც გახდა ფილმი “The shop around the corner “ . კულინარია სულ იყო ჩემი ჰობი და ინტერესის სფერო. თავდაპირველად კაფის კონცეფცია იყო წიგნები და ბავშვებისთვის განკუთვნილი ცალკე კუთხე სადაც ჩვენ მათ ვუკითხავდით, სანამ მშობლები აგემოვნებდნენ კერძებს. დღეს კი უკვე ზუსტად 10 წლის მერე აქ ვართ, Corner By The River-ში, უკვე მე და თანადამფუძნებელი ელენე. 
კაფეს კონცეფცია დღეს უკვე წიგნები აღარ არის. ლოკაციაც შევიცვალეთ და ამ ზღაპრულად ლამაზმა ადგილმდებარეობამ თავად მოგვცა მიმართულება. ტერიტორიის დანახვისთანავე აღვიქვით თუ როგორი უნდა ყოფილიყო ინტერიერი, ექსტერიერი და ის კერძები თუ სასმელები, რომლის დაგემოვნებასაც მოისურვებენ ჩვენთან მოსული სტუმრები. ზუსტად ამ ყველაფრის სწორი სინთეზი განაპირობებს იმ ჯადოსნურ გარემოს რომელიც აქ დაგხვდებათ. 
მენიუზე ვიმუშავეთ მე და ელენემ ერთობლივად, გვაქვს როგორც ქართული ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძები. მაგრამ აბსოლუტურად ყველა კერძში ჩავდეთ რაღაც რაც მხოლოდ ჩვენია. მათ შორის არც ქართულ კერძებს ვამზადებთ ტრადიციულად. ვცდილობთ საწყისი სახე შევუნარჩუნოთ მაგრამ ისე გარდავქმნათ რომ მისი დაგემოვნების შემდეგ ყოველთვის ახსოვდეს სტუმარს ქორნერი.
ქორნერს ორი შეფი ჰყავს, მე და ელენე. ვფიქრობ, ამ სფეროში წარმატების მთავარი საიდუმლო მაინც საქმისადმი სიყვარულია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული კერძის მთავარი ინგრედიენტი სწორედ გული და სიყვარულია და რაღა თქმა უნდა ხარისხიანი პროდუქტი, რაზეც განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ. ჩვენთან ყველაფერი ძალიან ჯანსაღი და ნატურალურია. 
ორივე თვითნასწავლი შეფები ვართ, მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც საზღვრები და მკაცრად დაწესებული წესები არ არსებობს. იმპროვიზაციაა ყველაფერი. ვირტუოზი უნდა იყო და მიუდგე კერძს, როგორც ხელოვნების ნიმუშს. 
ორივე მუდმივად ვცდილობთ რაღაც ახალი შევმატოთ მენიუს, ჩვენი ფანტაზია ჩავრთოთ. 

სამომავლო გეგმების სია საკმაოდ გრძელია, რამდენიმეს გაგიზიარებთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ მეტი ყურადღების გამახვილებას ჯანსაღი კვების მენიუზე.  შევიმუშაოთ მენიუ, სადაც სწორად იქნება დათვლილი და დაბალანსებული ცილის და ნახშირწყლების რაოდენობა, იმ ადამიანებისთვის ვინც სპორტით არის დაკავებული და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ასევე სულ მალე მეტი ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს ვეგეტარიანელ და ვეგან სტუმრებს. სხვა გეგმებს ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ.”