Search
ან
დონატი

დონატის წარმოშობის ამბავი ძველ რომში და საბერძნეთში იწყება, პირველი წყაროები ცხიმში მოხარშული და თაფლში ამოვლებული ცომის შესახებ, სწორედ აქედანაა. შუა საუკუნეებში არაბეთშიც წვავდნენ მსგავსად პატარა ცომის ბურთებს და შაქრის სიროფში ავლებდნენ დასატკბობად, არაბებისგან შემწვარი ცომის მომზადების ტრადიცია ჩრდილოეთ ევროპაში - ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში გავრცელდა. ჰოლანდიელმა ემიგრანტებმა კი ამერიკის მიწაზე ჩაიტანეს. 
მიუხედავად ამისა, დონატი ჭეშმარიტად ამერიკული დესერტია - სახელი და ხვრელი ფუნთუშის ცენტრში სწორედ აქაურია, არავის უყვარს დონატი ისე, როგორც ამერიკელებს, აქ გამოიგონეს პირველი ავტომატიზებული დონატის მანქანა 1920 წელს, არსად აღნიშნავენ დონატის საერთაშორისო დღეს წელიწადში ორჯერ (მათ შორის ერთი, დონატის დაფასების დღეა) და ბოლოს, არსად მზადდება 2 მილიარდი ცალი დონატი ყოველწლიურად.  

რეცეპტი მარტივია, მხოლოდ მოთმინებაა საჭირო, ცომი კარგად რომ აფუვდეს. დონატების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 500 გ ფქვილი
  • 2 ს.კ მომენტალური საფუარი
  • 80 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 90 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 1 ლიტრი ზეთი
  • ½ ჭიქა შაქარი
  • ½ ჩ.კ დარიჩინი

დაადნეთ კარაქი, შეათბეთ რძე.
მშრალი ინგრედიენტები მოათავსეთ მოზრდილ თასში, დაუმატეთ შეგრილებული კარაქი, რძე, მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი და და მოზილეთ ცომი. ზილეთ, ვიდრე ელასტიკურ, რბილ ცომს არ მიიღებთ, დაახლოებით 10-15 წუთი.
ცომს დააფარეთ ნაჭერი ან შეფუთეთ პლასტიკით, ჯამი დადგით თბილ ადგილას და დაელოდეთ ამოსვლას, ცომის მოცულობა ორჯერ უნდა გაიზარდოს.
ამოსული ცომი გადაზილეთ და გააბრტყელეთ, სიმაღლე დაახლოებით 5 სანტიმეტრამდე, ამოჭერით რგოლები, თითოეული ცომის გუნდა უნდა იყოს დაახლოებით 55 გრამი. 
პატარა ნახვრეტის ამოსაჭრელად გამოიყენეთ ბოთლის თავსახური ან არყის ჭიქა.
ამოჭრილი გუნდები დაალაგეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, დააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ ასაფუებლად კიდევ 45 წუთი.

ქვაბით აადუღეთ ზეთი, ტემპერატურა უნდა ავიდეს 160 გრადუსამდე, გამოიყენეთ თერმომეტრი, ამის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და დაიწყეთ დონატების შეწვა, ჩაყარეთ 2-2 ცალი, როდესაც ერთი მხარე მოიბრაწება, გადმოაბრუნეთ. შემწვარი დონატები დაალაგეთ სამზარეულოს ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან გასათავისუფლებლად და მალევე ამოავლეთ დარიჩინიან შაქარში.
გემრიელად მიირთვით!
 

თეგები