კოლსლო - კომბოსტოს სალათა, ამერიკული სამზარეულოს საპატიო წევრია ჰამბურგერთან, ჰოთ დოგთან, შემწვარ ფრთებთან და სხვა პოპულარულ კერძებთან ერთად. აშშ-ში არ ჩაივლის პიკნიკი თუ ბარბექიუ კოლსლოს გარეშე - გრილზე შემწვარ ქათამთან, თევზთან, ღორის და საქონლის ხორცთან, ჰამბურგერის ან ჰოთ დოგის თანმხლებად ყველაზე ხშირად ამ გარნირს შეხვდებით.
წვრილად დაჭრილი კომბოსტოს რეცეპტი ვინეგრეტით, ჰოლანდიელ ემიგრანტებს ჩაუტანიათ ნიუ-იორკში მე18ე საუკუნის დასაწყისში, სახელიც აქედან მოდის (koolsla ჰოლანდიურად). მოგვიანებით, მაიონეზის გამოგონების შემდეგ კი მივიღეთ ის სალათა, რომელსაც ასე აღმერთებენ ამერიკელები.
რეცეპტი მარტივია - წვრილად დაჭრილი ხრაშუნა კომბოსტო (თეთრი, იისფერი ან მიქსი), კრემისებრი დრესინგით, ხშირად ემატება ჟულიენებად დაჭრილი სტაფილო და ხახვი (ან მწვანე ხახვი).
გაჭერით კომბოსტო ოთხად, თითოეული მეოთხედი დაჭერით თხელ ნაჭრებად ბასრი დანით, სლაისერით ან გამოიყენეთ ფუდ პროცესორი. სტაფილო და ხახვი დაჭერით ჟულიენებად - წვრილ ზოლებად ან უფრო მარტივად, გახეხეთ მსხვილ სახეხზე. აურიეთ ბოსტნეული მოზრდილ ჯამში.
მოამზადეთ სოუსი:
8 სუფრის კოვზი მაიონეზი;
1-2 ჩაის კოვზი მდოგვი (დიჟონის);
2 სუფრის კოვზი ვაშლის ან ღვინის ძმარი;
მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი გემოვნებით.
მსუბუქად ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი, მოასხით ბოსტნეულს და კარგად გადაურიეთ.
სოუსი უმჯობესია მოასხათ უშუალოდ მირთმევის წინ.
მრავალფეროვნებისთვის დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ვაშლი, ნიახურის ღერო ან ნებისმიერი ბოსტნეული თუ მწვანილი თქვენი გემოვნებით.