იყო დრო, ადამიანები მხოლოდ სეზონური და ლოკალური პროდუქტებით იკვებებოდნენ. დღეს ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ არასეზონური ხილი თუ ბოსტნეული, ზამთარში მარწყვი, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი; ზაფხულში ციტრუსი, ყურძენი; გაზაფხულზე კომში და ა.შ.
რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როდესაც მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ინატრებ, თუმცა ამ მრავალფეროვნებას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, შენახული ხილი/ბოსტნეული მუშავდება პესტიციდებით და ცვილით, დიდხანს რომ შეინარჩუნოს ცინცხალი იერი და გაუძლოს ტრანსპორტირებას. ბევრი ხილი/ბოსტნეული იკრიფება ჯერ კიდევ მკვახე და შემდეგ მწიფდება ქიმიკატების დახმარებით. ასეთი პროდუქტები კარგავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და გემოვნურ თვისებებს შენახვისას და გაცივებისას, თანაც დიდი რაოდენობით პესტიციდებით დამუშავებული პროდუქტი ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
სეზონური და ლოკალური პროდუქტების უპირატესობა არის ნუტრიენტების მაღალი შემცველობა, რადგან ხილი თუ ბოსტნეული იკრიფება დამწიფებისთანავე და მომხმარებლამდე მოდის მომენტალურად. მწიფე, ახალდაკრეფილი ხილ-ბოსტნეული ბევრად გემრიელია, ვიდრე შენახული. გარდა სიჯანსაღისა, ლოკალური პროდუქტების შეძენას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს - ვეხმარებით ადგილობრივ ფერმერებს, რაც მათთვის დიდი მხარდაჭერაა.
უამრავ საინტერესო კერძს იპოვით ჩვენს ვებ-გვერდზე სეზონური პროდუქტებით. გაზაფხულის მიწურულს ერთი გემრიელი სალათის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.
სეზონური სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: სალათის ფოთლები, წიწმატი, ბოლოკი, სატაცური, მარწყვი, მოცარელა ან ჭყინტი სულგუნი.
სატაცური დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და შეაწითლეთ ზეთიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე 2-3 წუთი. ააწყვეთ სალათი მოცემული ინგრედიენტებით. დრესინგად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი და ძმარი. მარილი და პილპილი მოაყარეთ თქვენი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!