“სუპერფუდი” ახალდამკვიდრებული ტერმინია და აერთიანებს პროდუქტებს, რომლებიც გამოირჩევა ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით. რაც ნიშნავს კარგ იმუნიტეტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სიმსივნეების პრევენციას. რეგულარულ ვარჯიშსა და დაბალანსებულ კვებასთან ერთად “სუპერფუდებს” სასწაულების მოხდენა შეუძლიათ.
ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ჩვენ დღეს რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ.
ჩაი მატჩა შეიცავს ათჯერ უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე ჩვეულებრივი მწვანე ჩაი. აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს კალორიებს ერთდროულად. უახლესი კვლევების თანახმად, მატჩას მიღების შემდეგ ვარჯიშისას შესაძლებელია დამატებით 10%-დან - 40%-მდე კალორიის დაწვა. 24% -ით იზრდება ორგანიზმის ფიზიკური გამძლეობა. ის თითქმის არ შეიცავს კალორიებს. ეფექტურია დეტოქსისას. ამშვიდებს გონებას და სხეულს, მაგრამ ამავე დროს აუმჯობესებს განწყობას, გვმატებს ენერგიას, გვეხმარება კონცენტრირებაში. მატჩას იყენებენ როგორც ინგრედიენტს სხვადასხვა სასმელებში და დესერტებში.
ავოკადო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია დედამიწაზე, შეიცავს უამრავ საჭირო ნუტრიენტს. სავსეა ჯანსაღი ცხიმებით, რაც ქოლესტერინის დონის შემცირებას უწყობს ხელს. წონის კლებისას შეუცვლელი პროდუქტია. Მისგან შეგიძლიათ დაამზადოთ უგემრიელესი გუაკამოლე, გამოიყენოთ სალათის ინგრედიენტად ან სენდვიჩებში.
ჩირები - ქიშმიში, შავი ქლიავი, ფინიკი და სხვა მნიშვნელოვანია იყოს უშაქრო, ასეთ შემთხვევაში მათი სარგებელი ძალიან დიდია, რადგან კონცენტრირებულად შეიცავს ბევრ სასარგებლო საკვებ ნივთიერებას. კენკრა გოჯი - მდიდარია უჯრედისით, აძლიერებს იმუნიტეტს მასში შემავალი C ვიტამინის წყალობით. საუკეთესო წყაროა რკინის და ფოსფორის მისაღებად.
თხილეული და თესლები: ნიგოზი, თხილი, მიწისთხილი, ნუში, ქეშიუ. მზესუმზირის, გოგრის, სელის თესლი, ჩია… მდიდარია უჯრედისით და ორგანიზმისთვის საჭირო ცხიმებით, მცენარეული პროტეინით, იდეალური ხემსია კვებათა შორის.
შავი შოკოლადი - მინიმუმ 70% კაკაოს შემცველობით იდეალური დესერტია, რომელიც წონაში კლების დროსაც კი შეგიძლიათ მიირთვათ. 60 გრამი შავი შოკოლადის ყოველდღიურად მიღება აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, მეხსიერებას და საუკეთესოდ მოქმედებს განწყობაზე.
ენერგიის ფილა, რომელიც მდიდარია “სუპერფუდებით”, მარტივად მზადდება, უძლებს ტრანსპორტირებას, იდეალური ხემსია დიდებისთვის და პატარებისთვის. მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
300 გ ფინიკი
120 გ ნუში
20 გ ქოქოსის ფანტელი
80 გ გოგრის გული
40 გ გოჯი
40 გ დაღერღილი სელი
20 გ ნედლი კაკაო
20 გ ჩია
20 g კაკაოს მარცვალი
10 გ ქოქოსის ზეთი
⅓ ჩ.კ ჰიმალაის მარილი
130 გ მუქი შოკოლადი
ყველა ინგრედიენტი შოკოლადის გარდა დაატრიალეთ ფუდ პროცესორში, დაუმატეთ რამდენიმე კოვზი წყალი, რომ მიიღოთ წებოვანი მასა. კვადრატულ ან მართკუთხა ყალიბში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ მიღებული ნაზავი და კარგად ჩატკეპნეთ. დაადნეთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. დაასხით ფინიკის ფილას, მოასწორეთ კოვზით, მოაყარეთ სასურველი ინგრედიენტები დეკორისთვის. გააცივეთ მაცივარში რამდენიმე საათით, შემდეგ დაჭერით სასურველ ფორმებად.