კობლერი და კრამბლი იმ მარტივ და გენიალურ ტკბილეულს მიეკუთვნება, რომელიც მინიმალური ინგრედიენტებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ დიდი ძალისხმევის გარეშე. ამერიკული წარმოშობის კობლერი და ბრიტანული კრამბლი ხილის და ცომის კომბინაციაა, თითქმის იდენტურია, სულ მცირე სხვაობით, არჩევანი თქვენთვის მოგვინდია, თუ რომლის მომზადებას გადაწყვეტთ.
რატომ გადავწყვიტეთ ამ დესერტების წარდგენა შემოდგომაზე? სწორედ ახლა შეგიძლიათ მოამზადოთ არომატული შემოდგომის ხილის მიქსები - ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, ჟოლო, მსხალი, ვაშლი, ლეღვი და სხვა. შესაძლებელია ნებისმიერი კომბინაციის მოფიქრება თქვენი გემოვნებით.
ჭურჭელიც თქვენი სურვილისამებრ შეარჩიეთ, ეს შეიძლება იყოს როგორც კერამიკული, ასევე შუშის ცეცხლგამძლე ყალიბი, ნებისმიერი ფორმის და ზომის.
რბილი კარაქი წაუსვით საცხობ ყალიბს.
დაჭერით ნებისმიერი მწიფე ხილი საშუალო ზომის ნაჭრებად. შეავსეთ ყალიბის ნახევარი დაჭრილი ხილით.
თუ მჟავე სახეობის ხილი გაქვთ არჩეული, მოაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი თეთრი ან ყავისფერი შაქარი.
თუ შედარებით წვნიანი ხილი გაქვთ შერჩეული (მაგალითად კენკრა), მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი და კარგად ამოურიეთ.
1 ჩაის კოვზი დარიჩინი არასდროსაა ზედმეტი, განსაკუთრებით ვაშლის და მსხლის შემთხვევაში.
კობლერის ცომისთვის დაგჭირდებათ:
190 გ ფქვილი
¼ ჩ.კ მარილი
1 ½ ჩ.კ გამაფხვიერებელი
65 გ შაქარი (თეთრი ან ყავისფერი)
90 გ ცივი, კუბებად დაჭრილი კარაქი
130 გ მაწონი
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
მშრალი ინგრედიენტები აურიეთ, დაუმატეთ ცივი კარაქის კუბები და დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ხელით, ჩოპერით ან მაგიდის მიქსერით, ცომის ბრტყელი საზელით.
მიღებულ ფხვიერ ცომს ვუმატებთ მაწონს და ვურევთ, ვიდრე მასა არ გაერთიანდება.
ცომის გუნდებს ვანაწილებთ ყალიბში გამზადებულ ხილზე, კოვზით, ხელით ან ნებისმიერი საშუალებით, აქ არ არის საჭირო იდეალური სიმეტრიის დაცვა, მთავარია ხილის უმეტესი ნაწილი დავფაროთ. ცომის გუნდებს ფუნჯით ვუსვამთ რძეს და ვაყრით 1-2 ჩ.კ შაქარს, იდეალური ხრაშუნა ზედაპირისთვის.
ვაცხობთ 45-55 წუთი ან ცომის გაოქროსფრებამდე.
კრამბლის ცომისთვის დაგჭირდებათ:
150 გ ფქვილი
60 გ შაქარი (თეთრი ან ყავისფერი)
მწიკვი მარილი
100 გ კარაქი
მშრალი ინგრედიენტები აურიეთ. ფქვილის მასას შეგიძლიათ დაუმატოთ 30-40 გ დაფქული ნიგოზი, ნუში ან თხილი, სურვილისამებრ.
ფქვილს შეურიეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. მოაყარეთ ხილს და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
ქრამბლის ცომი საყინულეში, ყინვაგამძლე, ვაკუუმ კონტეინერში ინახება 2 თვემდე.
ორივე დესერტი მიირთვით სანამ თბილია, ვანილის ნაყინის ბურთულასთან, ინგლისურ ან საკონდიტრო კრემთან ერთად.