ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ქალაქგარეთ დროის გატარება და ლოგიკურად გვიჩნდება კითხვა - რა ვჭამოთ პიკნიკზე?
მარტივი გამოსავალი სენდვიჩია, რომელსაც გამგზავრების წინ ააწყობთ და შეფუთავთ, მოსახერხებელია სენდვიჩების ფოლგაში გახვევა პორციულად.
საპიკნიკე სენდვიჩის მომზადებისას გაითვალისწინეთ - სასურველია მთავარ ინგრედიენტად გამოიყენოთ გამომშრალი ან შებოლილი ძეხვი, გამომცხვარი ქათმის ფილე. ბოსტნეულიდან სალათის ფოთლები, კიტრი, მზეზე გამომშრალი პომიდორი. უმჯობესია ყველა ინგრედიენტი იყოს სითხის ნაკლებად შემცველი, ტრანსპორტირებას რომ გაუძლოს მაცივრის გარეშე. შეარჩიეთ ყველის შედარებით მყარი სახეობები.
პიკნიკის მარტივი სენდვიჩი ასე გამოიყურება - პური, სულგუნი, კიტრი და ხამონი.
ან უსაფუარო ლავაშში გახვეული ბევრი ბოსტნეული, ავოკადო და ღუმელში გამომცხვარი ქათმის ფილე - ასეთ როლზე ვერავინ იტყვის უარს.
ხილის წაღება მშვენიერი იდეაა, ეცადეთ შეარჩიოთ ნაკლებად წვნიანი ხილი - ალუჩა, ბალი, ქლიავი, ვაშლი, ბანანი. წინასწარ გარეცხეთ და გააშრეთ, შეინახეთ კონტეინერებში.
ტკბილეულიდან უმჯობესია მშრალი ნამცხვრების წაღება - კექსი, ქადა, მაფინი, ფუნთუშა. ეს ნამცხვრები კარგად უძლებს მგზავრობას და საჭმელადაც მარტივია. გაითვალისწინეთ, სამგზავრო ნამცხვრები არ უნდა შეიცავდეს კრემს და შოკოლადს.
წასახემსებლად და ლაშქრობის შემდეგ ენერგიის აღსადგენად თხილეული იდეალური იქნება, პატარა კონტეინერებით გაიყოლეთ თხილის და ჩირის ნაირსახეობა.