Search
Or
სასმელები და ჭურჭელი

სადილისას, ან  ვახშმის შემდეგ მოწრუპვა ჩემთვის რიტუალია. ჭიქა  გამჭვირვალე უნდა იყოს.  ფორმა, ალკოჰოლის ხასიათის შესაბამისი.  სხვა შემთხვევაში, მადა და განწყობა  მიფუჭდება. მიზეზებით  დავინტერედსი. ინტერნეტში შევბოდიალდი და ერთი-ორი ბლოგი გადავიკითხე.
ის, რაც ადრე ესთეტიკა მეგონა, მეცნიერული დასკვნა აღმოჩნდა. თურმე, სასმისის ფორმა დიდ გავლენას ახდენს ღვინის  ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებზე, ანუ გემოსა და არომატზე. ის, სასურველ მიმათულებას აძლევს სასმელის ნაკადს და  ღვინის საუკეთესო თვისებებს  წარმოაჩენს. თურმე, ენის წვერით ტკბილ გემოს აღვიქვამთ, მჟავიანობას კი ენის გვერდებით, ამიტომ  სომელიეები ყურადღებას  სამ ძირითად კომპონენტს აქცევენ  - მასალას, ჭურჭლის კედლის სისქეს და  ფორმას.


საგანგებო ფორმა  სასმელს პირის ღრუში  რეცეპტორების შესაბამისად ანაწილებს.  ალკოჰოლის ამ  საიდუმლოს გერმანიაში მიაკვლიეს, პატარა მინისმწარმოებელ ქარხანაში. მას შემდეგ,  ერთი საუკუნე გავიდა. პატარა ქარხანა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი  ბროლისა და შუშის  ჭიქების რეალიზატორი  გახდა.   „რიდელის“ დიზაინით  18  სახეობის ალკოჰოლური სასმელისთვის, საგანგებო ფორმისა და მასალის ჭიქა შეიქმნა. გასულ წელს, ამ  ბრენდმა ქართული საფერავისთვის მეცხრამეტე, საფირმო სასმისი გამოუშვა. ვინც ამ საქმეში ერკვევა, იცის, რომ სპეციალური დიზაინის ჭიქა ქვეყნის პრესტიჟია და ბიზნესის წარმატებასაც მნიშვნელოვნად  განსაზღვრავს.

წითელი ღვინო
უცნაურია, მაგრამ  სხვადასხვა სახეობის ღვინო სხვადასხვა ფორმის ჭიქით ისმევა.
წითელ ღვინოს „გაბერილი“ მრგვალი ფორმის ჭურჭლით მიირთმევენ, თეთრისთვის ვიწროც გამოდგება. განიერ ჭიქაში ღვინის ჰაერთან შეხების ზედაპირი უფრო დიდია, ვიდრე ვიწროყელიანში, ამიტომ ფენოლური ნაერთები და სხვა კომპონენტები უფრო სწრაფად იჟანგებიან და გარდაიქმნებიან, რაც, საბოლოოდ, ღვინის გემოსა და არომატზე აისახება.
სომელიეები, მეღვინეები და  კრიტიკოსები  ღვინოსთან მოპყრობის რამდენიმე პრინციპზე შეთანხმდნენ:
ჭიქის ფეხი მაღალი უნდა იყოს.  ჭურჭლის გვირგვინს ხელით თუ შევეხებით ჭიქაზე თითების ნაკვალევს  დავტოვებთ და ვეღარ დავინახავთ რას ვსვამთ. თითიების სითბო ჭურჭელში ჩასხმული სასმლის ტემპერატურასაც ცვლის. ამიტომ, გვირგვინის შეხება დაუშვებელია.  ღვინო, სასურველია, ნახევრადსავსე „შარდონეს“ ფორმის, გრძელფეხება, 200 მილილიტრიანი ჭიქით  მივირთვათ.

რომი
დაიკირის მერე, რომი ჰემნგუეის საყვარელი სასმელი იყო.  მას, მეკობრეების არაყსაც ეძახიან.  შაქრის ლერწმისგან მზადდება და სქელკედლიანი, სქელძირიანი ჭიქებით სვამენ.   Old fashioned- ასე დაარქვეს ამ სასმისს შემქნელებმა.   გაითვალისწინეთ, გამოყენებამდე ჭიქა  კარგად უნდა გარეცხოტ, რომ არომატს არასასურველი ტონი არ გამოჰყვეს. სომელიეები, მას  მოხმარებამდე ორთქლშიც კი ატარებენ.

შამპანიური
ასეთი ცრურწმენა არსებობს - დილას შამპანიურით თუ დაიწყებ, წარმატებული დღე გექნება. თუ, არც ამის გჯერათ და არც, ხეზე დაკაკუნების მსგავსი სისულელეების, მაშინ, უბრალოდ,  მიენდეთ  შუშხუნა გემოს.
გააღეთ კარადა. მოძებნეთ მუყაოს ყუთებში ჩაჩურთული, ფლეიტას ფორმის შამპანიურის ჭიქა. გამორეცხეთ, რადგან ამ ჭიქებს ხშირად სჩვევიათ მუყაოს გემოს აკიდება და, ჩამოასხით!  ხო მართლა, სასურველია, ამ ფორმის ჭურჭლით ბრუტი ან მშრალი სორტის შამპანიური დააგემოვნოთ.  ნუ, თუ იმდენად შეძლებული ხართ,რომ ცქრიალა ღვინოებში ყველაზე ძვირფასი  „დომ პერინიონი“ მიირთვათ, გაგიმართლათ. ეს ჭიქა ხომ ერთადერთია, რომელსაც  ნახსენები ლუქს ხარისხის სასმელი ეგუება.

გრაპა
გრაპა იტალიური ჭაჭაა, რომელსაც  Grappa Glass- ით ვიწრო წელიანი ჭიქით სვამენ.  ეს ჭურჭელი, გადაშლილი ნაპირების გამო ტიტას მოგაგონებთ. დაახლოებით,  ასეთივე ფორმის სასმისით ვსვამთ ქართველები  არაყსა და მის მსგავს  სპირტიან სასმელებს.  დიზაინი საგანგებოდ სპირტის სიმწარისა და სიმძაფრის გასანეიტრალებლადაა შექმნილი.


კონიაკი
არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ჭიქა  განწყობითა და ესთეტიკით ფრანგულ ბულდოგს  მაგონებს.  ჰმმმ... ალბათ იმიტომ,რომ ძველ ფოტოსთან ვაკავშირებ, რომელზეც  სიგარაგარჭობილი ჩერჩილია გამოსახული, ხელში სწორედ ეს ჭიქა უჭირავს და ფრანგული ბულდოგი უმშვენებს გვერდს. ადრე მაქვს ნანახი. ალბათ, რომელიმე  სკოლის სახელმძღვანელოში.
ამ ჭიქით ეგრეთწოდებულ „ჰარდ დრინქებს“ სვამენ.  კონიაკს, ბრენდის, ხანდახან ვისკისაც. ესაა, მომრგვალებული და ვიწროყელიანი მსუქანი ჭიქა, რომელსაც ჩემი გამხდარი თითები  ყოველჯერზე უხერხულად ეპოტინებიან.
 ამ კატეგორიის რამდენიმე ჭურჭელი არსებობს. მათ შორის პრინციპული განსხვავებაა. ზოგს უფრო განიერი ყელი აქვს, ზოგს კი ნაკლებად.  მიზეზი მარტივია. ახალგაზრდა კონიაკის აგრესიული არომატი და სპირტის მძაფრი სუნი არასასიამოვნო იქნებოდა, რომ არა ეს სასმისი. ყელის ზომა, ამ ოხშივარს სწრაფად გამოდევნის.  დაძველებულ კონიაკს ვიწროყელიანი ჭიქით სვამენ. ამ სორტის ალკოჰოლის სასმისების  ტევადობა  ასე, 70-დან 400 მილილიტრამდე მერყეობს.
თუმცა,  ყველაზე  დიდი პოპულარულობით მაინც ” სნიფერები „ სარგებლობენ. მათი ტევადობა 420 მილილიტრიდან იწყება და 840-ამდე აღწევს.  გამხდართითებიანი ადამიანებისთვის, მათი მოხმარება დიდი თავსატეხი უნდა იყოს.  თუმცა, დიზაინერები ამაზე არ  შეჩერებულან, მათ 3000 მილილიტრიანი ჭიქაც შექმნეს - ასე ამბობენ ის, არომატის  ბუკეტის შენარჩუნებას კი არა, მის გაფანტვას უწყობს ხელს , რაც კიდევ უფრო ახალ გემოს წარმოქმნისო. პროფესიონალებს ნამდვილად დაეჯერებათ.


პორტვეინი
დიდი ჭიქა არ გამოგადგებათ თუ პორტვეინის მირთმევას აპირებთ.
ღვინის ამ შემაგრებულ ვერსიას  160 მილილიტრიანი  ჭურჭლით  სვამენ, რომელსაც თავისი დანიშნულება აქვს.  ის, არომატული ნივთიერებების კონცენტრირების ხარჯზე, სპირტის მძაფრ სუნს და უხეშ გემოს ფარავს.


არყის ჭიქა
დაბალტანიანი, 25 -ი მაქსიმუმ 50 მილილიტრიან ჭიქებს „შოთებსაც“ ეძახიან. მისი დიზაინი ერთ მარტივ მოძრაობაზეა მორგებული.  იღებთ ჭიქას. აღებთ პირს. თავს უკან გადახრით  და სითხეს, თვალის დახამხამებაში,  პირდაპირ ხახაში გადაუშვებთ. აი ასე, მარტივად.

კოქტეილები

ჩვენი ბარმენები ლონგ კოქტეილებისთვის ძირითადად მაღალ, სწორ და განიერ ჭიქებს იყენებენ - highball glass- ასე ჰქვია ამ სახეობის ჭურჭელს ბართენდერების ლექსიკონში. ამ ჭიქით, ღამის კლუბებში  Vodka+ენერჯაიზერის მიქსი  კეთდება. დღის ბარებში კი „სისხლიანი მერი“ , სკრიუდრაივერი და  Harvey Wallbanger. ჭიქის ზომა 400 მილილიტრს არ აღემატება  და Slim Jim-ის სახელითაც მოიხსენებენ.

მარტინი
მარტინის ჭიქას ყველა ცნობს. მაღალ ფეხზე დგას და ზედანაწილი ამოყირავებულ ქოლგაზე მიუგავს. ეს ჭიქა უნივერსალურია და ყველანაირ სასმელს უხდება. თუმცა, ძირითადად მარგარიტას მსგავსი ტროპიკული კოქტეილების მოსამზადებლად გამოიყენება. მისი მოცულობა, სულ რაღაც,  250 მილილიტრია. თუ ამ ჭიქით ხელში ცეკვას აპირებთ, არ ღირს. გადაშლილი ზედაპირის გამო თქვენი კოქტეილი გადმოიღვრება და ხახამშრალი დარჩებით.