შემოდგომა შეუმჩნევლად მოვიდა, ზაფხული ნელ-ნელა მოგონებად რჩება, წინ კი ახალი წლის განწყობა და ზამთარი გველოდება. შემოდგომის, როგორც გარდამავალი სეზონის მშვენიერება ხომ ამაში მდგომარეობს, თავის გემოებთან, ფერებთან და სურნელებთან ერთად.
არის რამდენიმე პროდუქტი და ინგრედიენტი, რომლებიც თავისი გემოთი და სურნელით განსაკუთრებით უსვამს ხაზს ამ ნარინჯისფერი წლის დროებას:
გოგრა, თავისი ფერით და და სეზონურობით პირდაპირ მოგაგონებთ შემოდგომას, ხოლო მისი სურნელი აფრქვევს ტკბილ, თბილ და სასიამოვნო აურას. გოგრა ძალიან სურნელოვანია გამომცხვარი და შემწვარი სახით. მას განსაკუთრებით უხდება შაქრის ფხვნილი და თაფლი.
მიხაკი სუნელების ის წარმომადგენელია, რომელიც ყველაზე კარგად ერწყმის საშემოდგომო კერძებს. მიხაკს საკმაოდ მძაფრი სურნელი და გემო აქვს. ის ახდენს პირის ღრუს დეზინფექციას, წევს წნევას და გააჩნია სხვა უამრავი სასარგებლო სამედიცინო თვისება.
დარიჩინი წლის ნებისმიერ დროს გამოიყენება, უფრო მეტად დესერტებში და აზიურ კერძებში, თუმცა თავისი უნიკალური არომატით ის ყველაზე მეტად უხდება საშემოდგომო განწყობას. დაფქული დარიჩინის გამოყენება შესაძლოა ნებისმიერ ხილთან, დესერტთან და სასმელთანაც კი (მაგალითად, გლინტვეინი).
კომში. ალბათ ყველასთვის ნაცნობია გამომცხვარი კომშის დაუვიწყარი არომატი. საკმარისია მისი გაცხელება და ის უკვე იწყებს სურნელის გამოყოფას. ოდნავ მომჟავო, ტკბილი, არომატული კომში შეგიქმნით სიმყუდროვის და თბილი ოჯახური გარემოს შეგრძნებას.
ვაშლი ამ სეზონზე უხვად შემოდის და თითქოს ბუნებამ ეს მოვლენა სპეციალურად გათვალა ჩვენთვის. გრილი ამინდებით დასუსტებულ ორგანიზმს უფრო მეტად სჭირდება იმუნიტეტის გაძლიერება, ხოლო ვაშლს გააჩნია თითქმის ყველა სასარგებლო ნივთიერება, რომელიც ამ დროს ასე ძალიან გვჭირდება. მიირთვით ვაშლი ნებისმიერი სახით, დაწურეთ, აურიეთ სტაფილოს წვენში და თქვენ მიიღებთ ვიტამინების მთელი დღის სამყოფ დოზას.
ციტრუსები. საკმარისია მანდარინის გაფცქვნა და ის უკვე იწყებს თავისი არომატული ეთერზეთების ფრქვევას. მისი არომატი კონცენტრირებულია ზუსტად ქერქში, რომელიც შეგიძლიათ უბრალოდ დატოვოთ სამზარეულოში და ოთახი აივსება ამ ციტრუსის ნაზი და სასიამოვნო არომატით. იგივე ეხება ლიმონის და ფორთოხლის ქერქებსაც. ციტრუსის ეთერზეთები ავლენენ ანტიბაქტერიულ თვისებებსაც, რაც თავისთავად სასარგებლოა სახლის გარემოსთვის.
ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ არომატების მთელი გამა, რომელიც გაგამხნევებთ და შეგიქმნით ნამდვილ საშემოდგომო განწყობას.