მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დგას ისეთი უბრალო საუზმის უკან, როგორიც არის - წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა (ჰერკულესი). მისი მომზადების წესი ჩვენამდე შოტლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ევროპისა და რუსეთის იმპერიის გავლით მოდის.
ისტორიამ და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა შეუცვლელი და უნიკალური პროდუქტია თქვენთვის და თქვენი ორგანიზმისთვის. მასში უამრავი საჭირო ვიტამინი და მინერალია: B1, B2, E, H, PP, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, ფოსფორი და ნატრიუმი. აქვე აღსანიშნავია, რომ გლუტენზე ალერგიის შემთხვევაში მისი მირთმევა რეკომენდირებული არ არის გლუტენის მაღალი შემცველობის გამო.
შვრია შეიცავს ნატურალურ, მარტივად ათვისებად ცილას, რაც გვეხმარება საკმარისი კალორიების და ენერგიის მიღებაში. ის მუშაობს როგორც კუჭ-ნაწლავის და სისხლძარღვების გამწმენდი საშუალება ქოლესტერინისა და ყველა „არასაჭირო“ ნივთიერებისგან და გეხმარებათ გასტრიტისა და სხვა კუჭის დაავადებების მკურნალობაში.
შვრიის საუზმეს შეხვდებით უამრავი ცნობილი დიეტის შემადგენლობაში, მათ შორის გასახდომ დიეტებში. ზოგიერთ შემთხვევაში, საკმარისია კვირაში 2-3 დილის შვრიით დაწყება, რომ არ მოიმატოთ ზედმეტი კილოგრამები.
კლასიკური და უმარტივესი რეცეპტის მიხედვით, ჭიქის ¾ შვრია იხარშება 2 ჭიქა წყალში 10 წუთის განმავლობაში, თუმცა შესაძლებელია მისი მთელი ღამით ცივ წყალში დატოვება და დილით მირთმევა.
იმისთვის რომ თქვენი საუზმე კიდევ უფრო ჯანსაღი და გემრიელი გახადოთ, შვრიაში თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ - სელის თესლი, გოგრის თესლი, ნიგოზი, თხილი, თაფლი, ქიშმიში, კენკრა, ვაშლი, ბანანი და სხვა.
ასე რომ, თუ ამ სასარგებლო ჩვევას გამოიმუშავებთ და საკუთარ თავს და თქვენს ოჯახის წევრებს დილაობით სულ რაღაც 15 წუთს დაუთმობთ, ამ ჯანსაღი და გემრიელი საუზმით დღეს პროდუქტიულად და პოზიტიურად გაატარებთ!