შემოდგომა თბილი და არომატული დესერტების სეზონია. გემრიელი დესერტის მოსამზადებლად კი სულაც არ არის საჭირო მთელი დღე სამზარეულოში ფუსფუსი და ცომის ზელა.
გადავწყვიტეთ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი საშემოდგომო რეცეპტი შემოგთავაზოთ.
მაშ ასე, ამ სტატიაში გამომცხვარი კომშის მომზადებას ვსწავლობთ!
ინგრედიენტები:
375 მლ. წყალი (1 ½ ჭიქა)
100 გრ. შაქარი
1 ჩხირი ვანილი
1 ჩხირი დარიჩინი
2 ანისის ვარსკვლავი
3-4 კომში
მოცვის ჩირი
ნიგოზი
ვანილის ნაყინი ან ათქვეფილი ნაღები
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსამდე.
მოამზადეთ ქვაბი და მოხარშეთ სიროფი. ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი, დარიჩინის ჩხირი, ვანილის მარცვლები, ანისი და მოცვის ჩირი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და დაელოდეთ შაქრის გალღვობას.
შუაზე გაჭერით კომში. ამოიღეთ მარცვლები და მოათავსეთ საშუალო ზომის საცხობ ჭურჭელში. დაახსით სიროფი, გადააფარეთ ფოლგა და აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდგომ მოხსენით ფოლგა და აცხვეთ კიდევ ერთი საათი. მოათავსეთ ნიგოზი გამომცხვარი კომშის გულში.
მიირთვით თბილი, ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად.