Search
Or
სოკო

სოკო მეტად უცნაური და თავისებური პროდუქტია. ის არც მცენარეა და არც ცხოველი, ამიტომ მეცნიერებმა ცალკე კატეგორიად გამოყვეს და „სოკოთა სამეფო“ უწოდეს. 

ცნობილია სოკოს დაახლოებით 100 000 სახეობა. მას გააჩნია მაღალი გასტრონომიული ღირებულება და კარგად იტანს სითბურ დამუშავებას. სოკო პოპულარული პროდუქტია, თუმცა მისით მოწამვლის შანსი დიდია, ამიტომ  საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ. საკვებად ვარგისი და შხამიანი  სოკოები ხშირად ძალიან გვანან ერთმანეთს. საკვებ სოკოებს ქუდის ქვეშ აქვთ რბილი ღრუბლის მასა, რომელიც შეიცავს სპორებს. გასათვალისწინებელია, რომ  სოკოების უმრავლესობა მოკრეფის შემდეგ  ხშირად რბილობის ფერს იცვლის და ამიტომ აუცილებელია წინდაწინ ვისწავლოთ საკვები სოკოს გარჩევა შხამიანისაგან.

საკვებად ვარგის სოკოებს მიეკუთვნება თეთრი სოკო (დათვა), ნიყვი, მიქლიო, ხავსა სოკო, მანჭკვალა, ქამა, რძიანა, მტრედიო, ირმის ჩხა, ზეთა, ხის სოკოები  და სხვა.

სოკო კულინარიაში გამოიყენება, როგორც ნედლი, ისე გამხმარი სახით.  პოპულარულია აგრეთვე დამარინადებული და დამწნილებული სოკო. მისი   მომზადების დროს აუცილებელია არა მარტო სოკოების გარჩევა,  არამედ იმის ცოდნაც, თუ რომელი სახეობა რა კერძისთვისაა უკეთესი და რა პროდუქტებთან ერთად შეიძლება მისი მომზადება. საერთოდ, სოკოს ძალიან უხდება ხახვი, ნიორი, ოხრახუში. სოკოს სოუსებსა და წვნიანებში არ გამოიყენებენ ისეთ ძლიერ არომატულ სანელებლებსა და მწვანილებს, როგორებიცაა დაფნის ფოთოლი, ხმელი ქინძი, მიხაკი, რომ არ დაიჩრდილოს სოკოს ნატურალური არომატი.

ქართულ სამზარეულოში პოპულარულია კეცზე შემწვარი სოკო, სოკოს ჩაშუშული ხახვთან ერთად და სოკოს შილაფლავი.  სოკო გამოიყენება  ღვეზლების, რულეტების, ხინკლისა და პელმენების გულსართად. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ სოკოდ  ტრუფელი  ითვლება, რომელიც მიწაში იზრდება. საფრანგეთში ტრუფელს დაგეშილი ღორების ან ძაღლების დახმარებით მოიპოვებენ.