ინდაურის ხორცი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან და სასარგებლო დიეტურ პროდუქტად.
ამ ფრინველის გაშენება საუკუნეების წინ დაიწყეს, ხოლო ბერნარდო დე სააგუნის მეთექვსმეტე საუკუნით დათარიღებულ წიგნში - „Historia General de las cosas de la Nueva España“ ნახსენებია აცტეკების არაერთი კერძი, რომელიც შეიცავს ინდაურის ხორცს.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტი არ გამოირჩევა ნაზი სტრუქტურით - ინდაურის ხორცი შედარებით უხეშია, ამიტომ საჭიროებს სიფრთხილეს მომზადებისას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დედალი ინდაურის ხორცი შედარებით უფრო ნაზია.
ინდაურის ხორცი შეიცავს A და E ვიტამინებს; ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს - რკინას, კალციუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, კალიუმს, იოდს, მაგნიუმს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინდაურის ხორცი შეიცავს ბევრად უფრო მეტ ნატრიუმს ვიდრე ხბოს ან საქონლის. ნატრიუმი უზრუნველჰყოფს სისხლში პლაზმის რაოდენობის შევსებას, რაც განაპირობებს ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებას. ინდაურის ხორცი თითქმის არ შეიცავს ქოლესტერინს, ორგანიზმი მას ძალიან მარტივად გადაამუშავებს.
ინდაურის ხორცში არსებული კალციუმისა და კალიუმის რაოდენობა იდეალურია ორგანიზმისთვის, ამიტომ იგი რეკომენდირებულია ოსტეოართროზისა და ოსტეოპოროზის პროფილაკტიკისთვის.
მოცემულ პროდუქტს პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები. გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი რამ - შეიძინეთ მხოლოდ ახალგაზრდა ფრინველი.