Search
Or
ნადუღი

ნადუღი  რძის აჭრის შედეგად მიღებული პროდუქტია. რძის ან ყველის შრატის აჭრისას მიღებულ მასას  წვრილბადიან საწურზე გადაწურავენ და გააჩერებენ, რომ დაიწრიტოს. ეს პროდუქტი პოპულარულია საქართველოს ყველა კუთხეში, თუმცა  დასავლეთ საქართველოს კულინარიული კულტურა უფრო მდიდარია ნადუღის კერძებით.

 სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში ნადუღს პიტნით აზავებენ და სულგუნის თხელ ფირფიტებში ახვევენ. ეს პროდუქტი კარგად ეხამება აჭარულ სინორს - უფუარი ცომისგან გამომცხვარი სიფრიფანა  ფენებს   ტაფაში აწყობენ, ასხამენ ცოტაოდენ მდუღარე წყალს და  თავდახურული აჩერებენ. შემდეგ უმატებენ ერთად არეული მაწვნის, ნადუღისა და ნივრის  მასას,  ასხამენ გამდნარ კარაქს და  ღუმელში აცხობენ. ნადუღისგან ამზადებენ აჭარულ ყურუთს, რომელიც ფშაურ დამბალხაჭოსა და უფრო მეტად კი, თუშურ კალტს მოგვაგონებს. ყველის შრატი რომ აიჭრება, გადაწურვის შემდეგ დარჩენილი მასისგან აკეთებენ პატარა გუნდებს და მზეზე აშრობენ.  ნადუღი შესანიშნავია ხინკლის გულსართადაც. ეს პროდუქტი  ასევე გამოიყენება სხვადასხვა ღვეზლისა და საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად. რიგ შემთხვევებში შეიძლება ნადუღით ჩავანაცვლოთ ხაჭო. თუ ხაჭო მჟავეა, ნადუღი მის გემოს გაანეიტრალებს. ძალიან გემრიელი გამოდის ნადუღისა და არაჟნის დესერტი: კარგად უნდა გავქნათ თანაბარი რაოდენობის ნადუღი და არაჟანი, მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი, ქიშმიში,  სხვადასხვა ჩირი და ცუკატები. დესერტს ზემოდან  მოვასხათ თხელი კონსისტენციის თაფლი. ეს ნუგბარი მართლაც ძალიან გემრიელია, თუმცა  მაღალკალორიულია და მცირე ულუფებით უნდა  მივიტანოთ სუფრაზე. ექიმები გვირჩევენ, რომ ნადუღი მხოლოდ იშვიათად, სადღესასწაულოდ მივირთვათ, რასაც იმით ხსნიან, რომ ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, რომლის გადამუშავებაც ორგანიზმს უჭირს.