ხარჩოს სუნელი ტრადიციული ქართული სანელებელია, რომელიც რამდენიმე სანელებელის ნარევს წარმოადგენს. მისი სახელწოდება მეტყველებს მისსავე დანიშნულებაზე - გამოიყენება ხარჩოს შესაკმაზად. ხარჩოს სუნელის შემადგენლობაში შედის:
უცხო სუნელი - იგივე ულუმბო, პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი, რომლის ხმელი ნაყოფი და ყვავილი დაფქული სახით გამოიყენება სანელებლად. მას იყენებენ ასევე სხვადასხვა ნიგვზიანი მხალეულის შესაკაზმად. ულუმბო ევროპულ სამზარეულოშიც გამოიყენება. მისი გამოყენებისას ზომიერებაა საჭირო, თორემ შეიძლება კერძს უსიამოვნო სიმწარე შესძინოს.
ყვითელი ყვავილი, იგივე იმერული ზაფრანა - ეს სანელებელი ხშირად ზაფრანაში (ლათ. Crocus) ერევათ სახელწოდებისა და ფერის გამო. აღმოსავლური ზაფრანა უძვირფასესი სანელებელია, რომელსაც ჩვენებურ ყვითელი ყვავილთან, იგივე ხავერდასთან (ლათ.Tagetes patula) არაფერი აკავშირებს. ხავერდა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, აქვს ფორთოხლისფერი ყვავილი. სანელებლად გამოიყენება გამშრალი, დაფქული ყვავილი. ყვითელი ყვავილი, გარდა ფერისა, კერძს საინტერესო არომატს სძენს.
ხმელი ქინძი - დაფქული ქინძის თესლი კერძის არომატულ თაიგულს დასრულებულ სახეს სძენს. აქვს მძაფრი არომატი და მომწარო გემო.
წითელი წიწაკა - ხარჩოს სუნელისთვის არომატული, ხასხასა ფერის წიწაკა არის საჭირო. ყველაზე მეტად საქართველოს ტერიტორიაზე მოყვანილი ცხარე, წითელი წიწაკის არომატი შეეფერება.
მართალია, ხარჩოს სუნელი მზა სახითაც იყიდება, მაგრამ უფრო სასურველია სანელებლები ცალ-ცალკე, თავად დავფქვათ და შევურიოთ. ახალდაფქული სანელებლებს უკეთესი სურნელი და გემო აქვს.
სანელებლების სტანდარტული პროპორცია 1 კგ ხორცისთვის შემდეგია: 1 ს.კ. უცხო სუნელი, 1 ს.კ. ხმელი ქინძი, 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი, წიწაკა - გემოვნებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი გემოვნებით შეგვიძლია დავუმატოთ ან დავაკლოთ თითოეული ინგრედიენტი.