Search
ან
თურქული სამზარეულო

 თურქული სამზარეულო ერთ-ერთ უმდიდრეს და მრავალფეროვან სამზარეულოდ მიიჩნევა. ოტომანთა იმპერიის სამზარეულომ  საუკუნეების განმავლობაში წარმატებით შეითვისა აზიური, ევროპული, კავკასიური, ბალკანური და მედიტერანული სამზარეულოების საუკეთესო ტრადიციები.

  თურქული სამზარეულოს ძირითადი პროდუქტებია: ხორცი (უმეტესად ცხვრის), ბრინჯი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, ბადრიჯანი, პამიდორი, წიწაკა, ხახვი, ოსპი, ბულგური, იოგურტი, თეთრი ყველი (ე.წ. ბეიაზ პეინირი) და სხვ. ხორციანი კერძებიდან ყველაზე პოპულარულია ქაბაბი (კებაბ), რომლის უამრავი სახეობა არსებობს, მაგ. ადანა კებაბი, ისლიმ კებაბი, დონერ კებაბი, შიშ კებაბი და ა.შ. ხორცს, ხშირ შემთხვევაში, ბოსტნეულთან ერთად ამზადებენ. მაგ. ფარშის გულსართიანი ბადრიჯანი ან წიწაკა, კარტოფილსა და წიწაკასთან ერთად მოშუშული ფარშის ბურთულები (კოფტე) და ა.შ. დიდი პოპულარობით სარგებლობს წვნიანები (ჩორბა), განსაკუთრებით კი წითელი ოსპის წვნიანი, იოგურტის წვნიანი და სხვ.

  თურქეთს გარს ოთხი ზღვა აკრავს, ამიტომ ქვეყანაში უხვადაა თევზი და ზღვის პროდუქტი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თურქული ტკბილეული: ბაქლავა, კადაიფი, ჰალვა, რაჰათლუკუმი, სუთლაჩი და სხვ. დესერტების მომზადებისას გამოიყენება სხვადასხვა ხმელი ხილი და თხილეული: ლეღვის, გარგარის, ფინიკის ჩირი, ქიშმიში, თხილი, კაკალი, ფსტა, ნუში, არაქისი, ქეშიუ და ა.შ.

  თურქული ყოფა წარმოუდგენელია ჩაისა და ყავის გარეშე. უგემრიელეს, არომატულ ჩაის სპეციალური, წელში გამოყვანილი მომცრო ჭიქებით სვამენ, ქაფქაფა, სურნელოვან ყავას კი სპილენძის ჯეზვეში ადუღებენ. ტრადიციული თურქული სასმელია აირანი, რომელიც იოგურტისგან მზადდება და შესანიშნავად კლავს წყურვილს. ალკოჰოლური სასმელებიდან ძალზე პოპულარულია რაკი - ანისულის არომატიანი არაყი, რომელსაც წყალში გაზავებულს ან გაუზავებელს მიირთმევენ.

 თურქული სამზარეულოს კერძების მრავალფეროვნება და კერძების იდეალურად შეხამებული გემოები სანელებლების დამსახურებაცაა. აქტიურად გამოიყენება ძირა, წიწაკა, ქონდარი, პიტნა, თუთუბო (სუმახი), მიხაკი, დარიჩინი, ზაფრანა, რეჰანი და სხვ.