ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია, იგი ძალიან გემრიელია და თან მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ეს მცენარე ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და თითქმის 4000 წლინ წინ იქნა კულტივირებული. ვარაუდობენ, რომ ვაშლის სამშობლო ცენტრალური აზიაა. დღესდღეობით, ვაშლის 10 000-მდე ჯიში არსებობს, საქართველოში კი დაახლოებით 200 სახეობის ვაშლი მოჰყავთ. ვაშლი შეიცავს С, В1, В2, Р, Е ვიტამინებს. აგრეთვე კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, რკინას, კალციუმს, კალიუმსა და მარგანეცს. ვაშლი თითქმის ყველა დიეტის დროს გამოიყენება, რადგან შესანიშნავი პროდუქტია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება ან განტვირთვის დღეების მოწყობა სსურს. გაითვალისწინეთ, თუ კუჭის მაღალი მჟავიანობა გაწუხებთ, ტკბილი ჯიშის ვაშლი მიირთვით, ხოლო თუ პირიქით, დაბალი მჟავიანობა გაქვთ, მაშინ თქვენთვის მჟავე ჯიშის ვაშლია რეკომენდებული. რკინის დიდი შემცველობის გამო ვაშლი უებარია ანემიისას.
ვაშლს ხშირად იყენებენ კულინარიაში. მას უმატებენ სალათებს, ნამცხვრებს, დესერტებს, სასმელებს, ხორციან კერძებს (ძირითადად გულსართად); მისგან ამზადებენ ხილფაფას, ჩირს, ტყლაპს, წვენს, კომპოტს, კისელს.
საყოველთაოდ ცნობილია ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ. ვაშლისგან აყენებენ ღვინოსაც. ამ მხრივ საფრანგეთი არავის უთმობს პირველობას. ვაშლის ღვინო იქ ყურძნის ღვინოზე არანაკლებ პოპულარულია. ვაშლის ღვინო - სიდრი - დაბალალკოჰოლური (5-7%) სასმელია, რომელსაც ვაშლის (ან იშვიათად - მსხლის) დადუღების შედეგად იღებენ. სიდრი პოპულარულია გერმანიასა და ესპანეთშიც. გერმანიაში, კერძოდ კი ფრანკფურტში, შემოდგომით ვაშლის ღვინის ფესტივალი - Apfelweinfest - იმართება. ვაშლის ღვინოა ასევე კალვადოსი, ოღონდ ის ბევრად მაგარია და სპირტის დაახლოებით 40% შემცველობით ხასიათდება.