Search
Or
ეს ძვირია!

თეთრი ტრიუფელი

გამოცანას გეტყვით: ერთი იშვიათი რამ არის - ტყის ვაშლის ზომისაა, თეთრია და  ფორმით კარტოფილს წააგავს.  მძაფრი არომატი აქვს, აი ისეთი, უცბად რომ მოგაშიებს.  მისგან  განსაკუთრებული გემოს სოუსები მზადდება.  მირთმევის წესიც  გამორჩეულია - სუფრასთან  გახურებული თეფშის ნაპირებზე მიკრული მოაქვთ, ასე თურმე იმ სურნელს აფრქვევს, რომელიც მადას ერთიორად გვიმძაფრებს. იჭმევა უმად. სიფრიფანა ნაჭრებად თლიან. უხდება ყველაფერს, დაწყებული  ომლეტით და  პასტათი, დამთავრებული იმ კერძით, რომელსაც თქვენი ფანტაზია შესწვდება.  მაგრამ თუ მისი ნამდვილი გემოს გასინჯვა გინდათ, ომლეტს შეურიეთ, მაშინ მიხვდებით რას ნიშნავს ტერმინი „თითებს ჩაიკვნეტთ“.
 
მორცხვია, ამიტომ ძირითადად ტყეში, მუხის ხის ძირას, მიწისქვეშეთში იმალება. ყოველი წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, თავს ამოჰყოფს და აი მაშინ იწყება თავგადასავალი. ჩრდილოეთ იტალიას, მის სამშობლოს,  განძის მაძიებელი პირატებივით თავს ესხმიან მონადირეები, რომლებსაც თან დაგეშილი მწევრები და ღორები ახლავთ. ის  ოქროზე ძვირი ღირს და ყოველწლიურად, უფროდაუფრო იშვიათი ხდება.

საკვებს, რომელიც 2007  წელს 333.000 აშშ დოლარად შეიძინეს. მასზე უგონოდ შეყვარებული მსოფლიო შოუ ბიზნესის ვარსკვლავების გრძელი სია არსებობს, მაგრამ მათ შორის გრძნობის სიმძაფრით ფრანგ არტისტსა და ცნობილ გურმანს, ჟერარ დე პარდიეს გამოარჩევენ. 

ვინც გამოიცნო რაზე ვსაუბრობ, შეუძლია უკვე დაიწყოს დანაზოგის გაკეთება, რადგან  თეთრი ტრიუფელის  სეზონი იწყება. ხოლო იმათ, ვინც წინასწარ მოემზადა, შეუძლიათ პარიზში,  მადლენას მოედანზე მდებარე  „ტრიუფელების სახლს“ ესტუმრონ  და  სინდისის ქენჯნის გარეშე გადაიხადონ 50 ევრო  თეთრი ტრიუფელის   უგემრიელეს 5 გრამიან პორციაში.


ერთ ყუთში მოქცეული ოცნება
ფერების ფესტივალზე  ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ, მიხვდებით რას გაგონებთ მაჩას მწვანე ჩაის პუდრი. დავინახე თუ არა, მისი ჰაერში გაფანტვა მომინდა. გონზე რომ მოვედი და წარმოვიდგინე, როგორ გავატანდი ქარს 150 ფუნტ სტერლინგს ფხვნილი უკან დავაბრუნე.  თუმცა, რისკი ამად ღირდა.
მაჩა ანტიოქსიდანტებსა და კოფეინს შეიცავს.  ერთნაირი წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც  ცხობისა და კოქტეილებისთვის, ისე ნაყინისა თუ სხვა დესერტის მოსამზადებლად.   მისი 100 გრამიანი ყუთის გახსნა დიდი პრივილეგიაა და თუ ოდესმე მოგიწიათ, გირჩევთ სურვილი ჩაიფიქროთ, რომელიც ამ ჩაის კიდევ ერთხელ შეძენასთან იქნება დაკავშირებული.

 


კერკეტი კაკალი

სიმაღლის შიში არასდროს მქონია. ამიტომ, ბავშვობაში  დიდ დროს ვატარებდი ჩემი კორპუსის ეზოში მსხმოიარე  ერთადერთ კაკლის ხეზე.  ალბათ, იცით რა ემართებათ ღორმუცელა კაკლისმჭამელ ბავშვებს -  კბილები და ხელები უშავდებათ და მერე დიდხანს ნანობენ ამის გამო. ასეთივე კაკლისმჭამელი იყო ბოტანიკოსი უოლტერ ჰილი. ოღონდ, ჩემგან განსხვავებით ასაკოვანს ავსტრალიის წვიმის ტყეებში ხეებზე ძრომიალი ერთხელაც არ უნანია.  ასე აღმოაჩინა ერთმა ბოტანიკოსმა   იმ დროისთვის  უცნობი ნაყოფი, რომელიც დღეს დელიკატესია.
მას შემდეგ,  ას ორმოცდაათი წელი გავიდა. წარმოვიდგენ, როგორ დასეირნობს ჰოლი წვიმის ტყეებში. მუჭა დარჩეული კაკლებით აქვს სავსე და თითო-თითოდ  ახრამუნებს. ალბათ მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ ხელის გულით მთელი ორმოცი დოლარი დაჰქონდა.  ფასი უსამართლო იქნებოდა,  რომ არა მაკამადიას  თვისებები  -  „განუმეორებელი გემო, სასიამოვნო ხრაშუნი, კრემისფერი ბზინვარება  და  იშვიათი მოსავლიანობა, რაც  7-10 წელიწადში ერთხელ  ხდება“.
ყველა ღირსებასთან ერთად,   ავსტრალიური კერკეტი კაკალი სასარგებლოც არის. 72%-ზე მეტ მონოჯოურ ცხიმს შეიცავს, ანუ ყველა ის ტკბილეული, რომელიც მისგან მზადდება და ასე უყვართ თქვენს შვილებს, გემრიელთან ერთად, სასარგებლოცაა.  თუ 40 დოლარს ერთხელ მაინც გაიმეტებთ, იმედგაცრუებული არ დარჩებით, მისგან დამზადებულ  შოკოლადის ფილებს, კანფეტებს, ნაყინსა და ნამცხვრებს ხომ ის გემო აქვს, რომელიც  ჯერ არ გაგისინჯავთ.



ბერძნული გემო

საქართველოში, სადაც თვიური საარსებო მინიმუმი, მიახლოებით,  150 ლარია, ალბათ,  ერთეულები თუ მოიხმარენ  ბერძნული კორონეიკის ჯიშის ზეითუნის ზეთს.  მატერიალური კეთიდღეობით, არც ამ ზეთის სამშობლოში დაიკვეხნიან.  ალბათ, ამის ბრალია რომ  500 მილილიტრიანი ზეითუნის ზეთის ფასი  130 ლარამდე გაიზარდა.  როგორც ამბობენ, უცნაური გემო აქვს. სხვა მცენარეული ზეთებისგან ხილისა და პილპილის კომბინირებული არომატით გამოირჩევა.


ძვირფასი სუნელი

ხარჩო  სხვა ქართულ კერძებს რომ არ ჰგავს  ზაფრანას სუნელის დამსახურებაა.
მედიცინაში,ლანდშაფტის დიზაინში,კულინარიასა და ხელოვნებაში ერთნაირად ღირებული ეს მცენარე  ჩვენთან  ნაკლებად ფასობს, მსოფლიოში კი, ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია. ქართველმა დიასახლისებმა, ალბათ, არ  კი იცით, რომ  მუჭში მოქცეული დაფქული ზაფრანა, რომლის ჩაყრაც   მოთუხთუხე  ხარჩოს ქვაბში არასდროს გენანებათ, დასავლეთში 4 ფუნტი ღირს. შესაძლოა, ხარჩოზე სამუდამოდაც კი თქვათ უარი,როცა  ერთი კილოგრამი  ზაფრანას ფასს გაიგებთ. მსოფლიო ბაზარზე, ის, დღეს  800 ფუნტად იყიდება.
იასამნისფერი, ულამაზესი  ყვავილისა და მისი წითელ-ყვითელი  ბუტკოს კულტივაცია ჯერ კიდევ  შუმერებმა დაიწყეს. მოგვიანებით, ეგვიპტელებმა  ბუტკო გადაამუშავეს და სუნელი შექმნეს - ფარაონების სადილის უცვლელი  დანამატი.  ერთი კილოგრამი სანელებელი რომ მივიღოთ, 200 000 ყვავილია საჭირო, რომელიც აუცილებლად გამთენიისას, პირველი გაშლისთანავე უნდა დაიკრიფოს და  ხელით დამუშავდეს. შეამცირეთ ზაფრანას  მოხმარების დოზები და ამით პატივიეცით სხვების შრომას. ხარჩოც ზომიერად არომატული იქნება, ოჯახის წევრები კი უფრო კმაყოფილები ადგებიან სუფრიდან.