Search
ან
ვაშლის ხვეულა დარიჩინით

ალბათ დამეთანხმებით, არაფერი უხდება შემოდგომას ისე, როგორც ვაშლის და დარიჩინის არომატი. ფუნთუშის უფაფუკეს რულეტში მოქცეული მოშუშული ვაშლის კუბები, იდეალური დესერტია შემოდგომის გრილი საღამოების გასახალისებლად და მეგობრების შემოსაკრებად.
მოიმარაგეთ შემდეგი ინგრედიენტები,

ფუნთუშის ცომისთვის:

350 გ უმაღლესი ხარისხის ფქვილი

2 ჩ.კ მომენტალური საფუარი

50 გ შაქარი

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

210 მლ რძე 

80 გ დამდნარი კარაქი

სხვა მასალა:

1 ცალი ვაშლი

1 ს.კ შაქარი 

1 ჩ.კ შავი რომი (სურვილისამებრ)

მწიკვი ჯავზი

80 გ კარაქი

1 ჩ.კ დარიჩინი

100 გ ლერწმის შაქარი

ვიწყებთ ცომის მომზადებას, დაადნეთ კარაქი და შეაგრილეთ. ოდნავ შეათბეთ რძე, მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი.
ყველა მშრალი ინგრედიენტი გააერთიანეთ ჯამში და აურიეთ, ჩაასხით რძე, კვერცხი და კარაქი. მოზილეთ ერთგვაროვანი, რბილი ცომი. ჯამს დააფარეთ ნაჭერი ან პლასტიკი და დადგით თბილ ადგილას, ვიდრე მოცულობა არ გაორმაგდება.

ვაშლი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბებად, ქვაბში ჩააგდეთ 20 გ კარაქი, ვაშლის კუბები, ჯავზი და 1 ს.კ შაქარი, შუშეთ ვიდრე ვაშლი არ შერბილდება, დაამატეთ შავი რომი, ადუღეთ რამდენიმე წამი და გადმოდგით ცეცხლიდან. 

ოთახის ტემპერატურის კარაქი (60 გ) და ყავისფერი შაქარი აურიეთ, დაუმატეთ დარიჩინი.

ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მიეცით მართკუთხედის ფორმა. გადაუსვით შაქრის და კარაქის ნაზავი, შემდეგ მოაყარეთ ვაშლები და გადაახვიეთ რულეტად. ბასრი დანით რულეტი გაჭერით სიგრძეზე, გადაახვიეთ ერთმანეთს ორი ნაწილი, როგორც თოკს დაგრეხდით. ფუნთუშა გადაიტანეთ საცხობ ყალიბში და ისევ დადგით თბილ ადგილას 20-30 წუთით.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. შედგით ფუნთუშა და აცხვეთ ვიდრე ოქროსფერს არ მიიღებს ან 40-50 წუთი. გააგრილეთ და მხოლოდ შემდეგ დაჭერით.