Search
Or
რესტო გიდი - იასამანი

ასათიანის 33-ში, ძველი თბილისური სახლის სადარბაზოში, მწვანე ხის კარს მიღმა საინტერესო კონცეფციის ბარს იპოვით. აქ დაგხვდებათ ვინტაჟური, ხელუხლებელი ინტერიერი თანამედროვე დეკორით, გემოვნებიანი მუსიკა, ბევრი მცენარე თუ ყვავილი, მათ შორის იასამანიც და გათანამედროვებული ქართული სამზარეულო. რესტორნის იდეა სამ მეგობარს ეკუთვნის და პანდემიის დროს გაჩნდა. 

“პანდემიის პერიოდში ჩვენმა სამსახურმა ვეღარ შეძლო ფუნქციონირება და გადავწყვიტეთ მოგვეფიქრებინა ისეთი რამ, რაც ყველაზე მოთხოვნადი იქნებოდა.  დავიწყეთ ადგილის ძებნა და მივაგენით ამ საოცარ სივრცეს. მაშინვე წარმოვიდგინეთ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი რესტორანი, ვეცადეთ დაგვეტოვებინა სიძველე და განსხვავებული ინტერიერი, შეგვეტანა თანამედროვე ელემენტები ინტერიერში. სახელზე ბევრი ვიფიქრეთ რა მოუხდება ამ გარემოს და არჩევანი შევაჩერეთ იასამანზე, რადგან იასამანი ჩვენთვის სითბოსთან და სიმშვიდესთან ასოცირდება, რესტორანში მოსული სტუმარი კი აუცილებლად შეიგრძნობს ამ ატმოსფეროს.  
კერძებს რაც შეეხება თავიდანვე დარწმუნებულები ვიყავით იმაში, რომ ქართული სამზარეულო უნდა გვქონოდა და არჩევანი გავაკეთეთ ქართულ თანამედროვე სამზარეულოზე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა კერძში გამოვიყენოთ ქართული პროდუქტი სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სეზონურ კერძებს. ამ მხრივ ჩვენს სტუმარს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს სეზონური, განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძები იასამანში.” - სოსო მათიაშვილი
კენკრის სალათის რეცეპტი მაწვნის სოუსით რესტორნის მენიუდან, ჩვენს ვებ გვერდზე დაგხვდებათ.