Search
Or
Საშობაო მორი

ეს ნამცხვარი, რომელსაც საშობაოდ თითქმის ყველა ფრანგულ ოჯახში შეხვდებით, შუა საუკუნეების ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ტრადიციას უკავშირდება. შობის წინ, ოჯახის მამა შვილებთან ერთად გადიოდა ტყეში ყველაზე დიდი მორის საპოვნელად, რომელსაც საშობაოდ დაანთებდა. მორს უნდა ეგიზგიზა სულ ცოტა სამი დღის განმავლობაში, რაც ოჯახის კეთილდღეობის საწინდარი იქნებოდა მომავალ ახალ წელს. საფრანგეთში მორს ღვინოს აპკურებდნენ, რის გამოც ბუხართან საოცარი სურნელი ტრიალებდა, ფერფლს მიწას აფქვევდნენ ნაყოფიერი მოსავლისთვის, ცოტაოდენს ინახავდენ შემდეგი შობისთვის ახალი მორის ასანთებად. უზარმაზარი ბუხრების გაქრობასთან ერთად, ტყეში ნაპოვნი დიდი მორი გადაიქცა პატარა, ტკბილ, მორთულ ნამცხვრად საშობაო მაგიდის შუაგულში. 
საშობაო მორი ტრადიციულად თეთრი ბისკვიტის და შოკოლადის კრემის კომბინაციაა, თუმცა, რა თქმა უნდა უამრავი ვერსია არსებობს თანამედროვე სამზარეულოში. ვფიქრობ, ჩვენი მორი კაკაოს ბისკვიტით მეტად საზეიმოდ გამოიყურება და აუცილებლად გაალამაზებს თქვენს საახალწლო სუფრას.
 
კაკაოს ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:
4 კვერცხი
90 გ შაქრის პუდრი
20 გ ფქვილი
50 გ სიმინდის სახამებელი
40 გ კაკაო
3 გ გამაფხვიერებელი

გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. Ცილა ათქვიფეთ ფაფუკ კონსისტენციამდე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქრის პუდრი გათეთრებამდე. ფრთხილად შეურიეთ კვერცხის ცილა. Გააერთიანეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი და დააცერით კვერციან მასას. მოურიეთ სპატულას დახმარებით, ვიდრე ფქვილი არ გაიხსნება, წრიული მოძრაობით.
ფირფიტას დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გაანაწილეთ ბისკვიტის ცომი მთელ ფირფიტაზე თანაბრად. აცხვეთ 6 წუთი. Გამოღებისთანავე გადმოიტანეთ ახალ საცხობ ქაღალდზე და ააცალეთ ქვედა ქაღალდი, გადაახვიეთ რულეტად სიგრძეზე და დაელოდეთ გაგრილებას.

კრემისთვის დაგჭირდებათ:
300 მლ ნაღები (32%)
170 გ მასკარპონე
60 გ შაქრის პუდრი
½ ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი

მიქსერით ათქვიფეთ ნაღები და მასკარპონე, დაუმატეთ შაქარი, შემდეგ ვანილი, თქვიფეთ მყარი კრემის კონსისტენციამდე.
ბისკვიტს გადაუსვით კრემის 2/3, შეგიძლიათ კრემზე დაალაგოთ კენკრა ან ბანანი, გადაახვიეთ რულეტად, გადაუსვით დარჩენილი კრემი, მოაყარეთ შოკოლადის ფანტელები და მორთეთ კენკრით სურვილისამებრ. Შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.