Search
Or
ფუდ ფოტოგრაფის 5 ხრიკი

თუ ამ რჩევას კითხულობთ, ესე იგი კულინარია თქვენი ინტერესის სფეროა, ხშირად ამზადებთ კერძებს და ალბათ ფოტოების გადაღების და გაზიარების გამოცდილებაც გაქვთ. არ აქვს მნიშვნელობა ტელეფონით იღებთ თუ ციფრული კამერით, მარტივი ხრიკები ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ, ხოლო თქვენი ფოტოები ბევრად მადისაღმძვრელი გახდება.

საკვების გადაღებისას მნიშვნელოვანია კარგი განათება, ალბათ შეგიმჩნევიათ საღამოს რესტორანში ან სახლში ნათურის შუქზე გადაღებული ულამაზესი კერძი, ფოტოზე სულაც არ გამოიყურება მიმზიდველად. ყოველთვის ეცადეთ იპოვოთ კარგი განათების წყარო, სასურველია ფანჯარასთან ახლოს, მაგრამ არა პირდაპირი მზის შუქზე. 

პროდუქტები, რომლითაც მოამზადებთ კერძს, უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის და ახალი. ფოტოს ხარისხს განაპირობებს პროდუქტის ხარისხი - მაგალითად სალათის გადაღებისას დამჭკნარი მწვანილები არც ისე გემრიელად გამოიყურება. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი კერძი მომზადებიდან მალევე კარგავს მიმზიდველობას, ეცადეთ დაიჭიროთ საუკეთესო წამი.

არ არსებობს ერთი კონკრეტული გადაღების კუთხე, რომელსაც ყველა კერძს მოვარგებთ, მაგალითად პიცის გადაღება ზედხედიდან აჯობებს, ბურგერის კი ნული გრადუსიდან. იმისთვის, რომ კონკრეტული კერძის საუკეთესო რაკურსი შეარჩიოთ, მისი გადაღება რამდენიმე კუთხიდან უნდა სცადოთ. საბოლოო ვერსიას კი გადაღებული ფოტოებიდან აარჩევთ. 

არ გადატვირთოთ კომპოზიცია ზედმეტი ნივთებით, ნამცეცებით თუ მიმოყრილი წიწაკის ფანტელებით. სადა, აკურატული, დახვეწილი კომპოზიცია უკეთ წარმოაჩენს კერძს. ეცადეთ შეინარჩუნოთ ზედაპირის სისუფთავე, გაწმინდოთ თეფშის შიდა მხარე, თუმცა ფოტოს შინარსსაც გააჩნია, თუ იღებთ ჭამის პროცესს, ყველაფერი იდეალურად დალაგებული ვერ იქნება. ფოტოში დეკორად გამოიყენეთ მხოლოდ ადეკვატური რეკვიზიტი, ყოველთვის დაუსვით კითხვა საკუთარ თავს - ეს ნივთი აქ რას აკეთებს? მაგალითად ნუ ჩაასხამთ რძეს კონიაკის ჭიქაში, ბებოს ანტიკვარულ ბროშს არაფერი ესაქმება საქონლის სტეიკთან.

შეარჩიეთ ნეიტრალური ფერის და ფაქტურის ჭურჭელი, იმისთვის, რომ აქცენტი გაკეთდეს კერძზე. ფოტოგენური ჭურჭლის შერჩევისას, არჩევანი გააკეთეთ კერამიკულ, არა პრიალა თეფშებზე. ნატურალური ტილოს ნაჭრები და ხელსახოცები ყოველთვის გამოგადგებათ კომპოზიციაში.