Search
Or
ფილმები კულინარიის მოყვარულებს

პირველ რიგში მოვიმარაგოთ პოპკორნი - ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ჩაასხით 1 ჩ.კ ზეთი, დაყარეთ 1 მუჭა პოპკორნის სიმინდი, მოაყარეთ ცოტა მარილი და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. დადგით საშუალო ცეცხლზე. არ ახადოთ სანამ ყველა მარცვალი არ დასკდება. 2-3 წუთში პოპკორნი მზად არის!
ან შეიძინეთ სპეციალური პოპკორნის შეფუთვა მიკროტალღური ღუმელისთვის და მიჰყევით ინსტრუქციას. თუმცა იგივე სიმინდი ქვაბშიც შეგიძლიათ მოამზადოთ, მეთოდით, რომელიც ზემოთ გაგაცანით, მხოლოდ ცხიმის დამატების გარეშე.
პოპკორნი უკვე გვაქვს, მოდით, შევარჩიოთ ფილმი.

“ჯული და ჯულია” ჰოლივუდური კომედიაა, რომელიც კულინარიის მოყვარულებს არ დატოვებს გულგრილს. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ნიუ-იორკელ ბლოგერ ჯულიზე, რომელიც გადაწყვეტს ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად მოამზადოს კერძები ცნობილი კულინარის ჯულია ჩაილდის წიგნის მიხედვით, გაუზიაროს გამოცდილება ბლოგის მკითხველებს და გახდეს მწერალი. შეუდარებელი მერილ სტრიპის პერსონაჟი ჯულია ჩაილდი კი 50-იან წლებში ცდილობს დაეუფლოს ახალ პროფესიას, დაიმკვიდროს ადგილი ფრანგულ კულინარიულ საზოგადოებაში და გამოსცეს თავისი პირველი წიგნი ამერიკელი დიასახლისებისთვის.  ორ ქალს, რომელთაც მთელი ეპოქა აშორებს ერთმანეთს, ბევრი საერთო აღმოაჩნდებათ - სურვილი, რადიკალურად შეცვალონ ცხოვრება და კულინარიის სიყვარული. 

“რეზერვაციის გარეშე” რომანტიკული კომედიაა კეტრინ ზეტა ჯონსის მონაწილეობით. ქეითი ტრენდული რესტორნის შეფია მანჰეტენზე, მის იდეალურად დალაგებულ ცხოვრებაში დაუგეგმავად გამოჩნდება 9 წლის დისშვილი ზოი და ექსცენტრიკული სუ-შეფი ნიკი. ქეითს უწევს ახალ რეალობასთან შეგუება, ზოის გულის მონადირება, რომელიც დედის გარდაცვალების გამო დეიდასთან გადმოდის საცხოვრებლად და აღიარება, რომ ნიკის მიმართ გრძნობები აქვს.
ფილმს მოტივად გასდევს ქეითის დახვეწილი კერძების სურნელი, როგორიცაა ველური სოკო თეთრი ტრუფელის სოუსით და ნიკის მადისაღმძვრელი გემრიელობები. 
ფილმისთვის რეცეპტები ფრანგული კულინარიის ინსტიტუტმა შეიმუშავა. მათი პოვნა ნეტშია შესაძლებელი, თუ ფილმის ნახვის შემდეგ სამზარეულოში ჯადოქრობას გადაწყვეტთ.

“შეფის სუფრა” ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალია. ექვსი სეზონი და 30 ეპიზოდი გვიამბობს ყველაზე გამორჩეული შეფების შესახებ მთელი მსოფლიოდან. თითოეული ეპიზოდი ეძღვნება კონკრეტულ შეფს, მის უნიკალურ ხედვას, ტალანტს, კრეატიულობას და ცხოვრების გზას. ამ სერიალის ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც განსაკუთრებული ადამიანები ქმნიან.