Search
Or
2020 წლის კულინარიული ტრენდები

სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ვეგეტარიანელების და ვეგანების რაოდენობა. კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  2025 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის მეოთხედი ვეგეტარიანელებს და ვეგანებს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის ნახევარი - ფლექსიტარიანელებს. ცნობილი შეფები და რესტორატორები მთელი მსოფლიოდან აღნიშნავენ, რომ რესტორნებში გაიზარდა მოთხოვნა ვეგეტარიანულ საკვებზე, არა მხოლოდ ვეგეტარიანელი მომხმარებლების გამო, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს გააცნობიეროს თუ რას ჭამს, იკვებოს გონივრულად, ჯანსაღად და მოიხმაროს ნაკლები ხორცი - ფლექსიტარიანელები უმეტესად იკვებებიან მცენარეული საკვებით, ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, თხილეულით, თუმცა ზოგჯერ საკუთარ თავს, მაგალითად კვირაში ერთხელ, უარს არ ეუბნებიან სტეიკის გემრიელ ულუფაზე. ასეთი ცხოვრების წესი ბევრი ადამიანისთვის მისაღებია, მათ არ უწევთ რადიკალური ცვლილების შეტანა კვების რაციონში და უმტკივნეულოდ გადადიან ჯანსაღ, მცენარეულ კვებაზე. დღეს ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათი კვებითი ჩვევები პირადპირ აისახება ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

გადახედეთ ვეგეტარიანული/სამარხვო ბურგერის რეცეპტს, რომელიც საკმაოდ ნოყიერი და გემრიელი აღმოჩნდა, თუ სახლში ყველა ინგრედიენტი მოგეპოვებათ, რთული არაფერია.

ვეჯი ბურგერი
1 ხახვი და 1 კბილი ნიორი დაჭერით წვრილად, შეაწითლეთ ტაფაზე 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთთან ერთად. დაუმატეთ 250 გრ გახეხილი, უმი ჭარხალი და 150 გრ გახეხილი ყაბაყი. შეწვით საშუალო ცეცხლზე, 5-10 წუთი, ან სანამ სითხე არ დაშრება. 

ჩოპერში მოათავსეთ 150 გრამი მოხარშული ან კონსერვირებული მუხუდო, 40 გრ შვრია, 40 გრ ტაჰინი და 1 კვერცხის ცილა (სამარხვო ვერსიაში ეს ინგრედიენტი გამოაკელით). დაატრიალეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ჭარხლის და მუხუდოს მასა აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი, კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.

მასა გაყავით 3 ნაწილად, დაამრგვალეთ და შეწვით ცოტაოდენ ზეთში შეწითლებამდე, 5-5 წუთი თითო მხარეს. 

ბურგერის ასაწყობად დაგჭირდებათ პური, ჰუმუსი და კიტრი. ჰუმუსის რეცეპტს ჩვენს ვებ გვერდზე იპოვით. კიტრი დათალეთ ბოსტნეულის სათლელით. პურს წაუსვით 1 სუფრის კოვზის ოდენობის ჰუმუსი, დაალაგეთ დათლილი კიტრი, ჭარხლის კოტლეტი, ისევ კიტრი და ბოლოს, ჰუმუსიანი პური. 
კვების ექსპრეტები წინასწარმეტყველებენ, რომ გაიზრდება მოთხოვნა ლოკალურ და სეზონურ პროდუქტებზე. დაველოდოთ ახალი ხილის და ბოსტნეულის შემოსვლას, გასტრო გიდი კი გპირდებათ, რომ არ მოგაკლებთ სეზონური კერძების იდეებს.