Search
Or
14 თებერვლის რჩევები

14 თებერვლის ვახშმისთვის ალბათ თითქმის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ეს ხომ ის საღამოა, როცა ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვცდილობთ, ყველაფერში გამოვხატოთ პარტნიორზე ზრუნვა. შესაბამისად, ვახშამიც გამორჩეული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს.

 

რომანტიკული ვახშმისთვის უმრავლესობა სტეიკს ანიჭებს უპირატესობას.

მარილიანი და პილპილიანი სტეიკი მცირე რაოდენობით ზეთში ამოავლეთ და მოათავსეთ ცხელ ტაფაზე. თითოეული მხარე 2-2 წუთით დაბრაწეთ. დრესინგისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუშის კარაქი - ოხრახუშის ფოთლები, 50 გრამი კარაქი, 1-2 მწიკვი დანაყული ნიორი და რამდენიმე წვეთი ლიმონი კარგად აურიეთ, რომ კარაქისებრი მასა მიიღოთ და ცოტა ხნით მაცივარში ან საყინულეში შედგით.

გარნირისთვის შეგიძლიათ იოლად გამოხვიდეთ - დაბრაწული კარტოფილი აქაც თავის საქმეს შეასრულებს და ვახშამს პეწს აწ უკვე მომზადებული საინტერესო დრესინგი და სტეიკი შემატებენ.

 

თუ სტეიკი ნაკლებად გაგიხარდებათ და უფრო ვეგანურ ან ვეგეტარიანულ ვახშამს ამჯობინებთ, მაშინ პასტა თქვენს დასახმარებლადაა. იმისთვის, რომ ჩვეულებრივ პასტას მეტი განსაკუთრებულობა შესძინოთ, შეგიძლიათ პიკანტურად - ორეგანოთი და ნიგვზით მოამზადოთ. ვეგეტარიანელებს შეგიძლიათ პარმეზანიც დაურთოთ, ხოლო ვეგანებისთვის - არაცხოველური რძისგან დამზადებული ყველით ჩაანაცვლოთ.

 

დესერტად შეგიძლიათ მარტივი ორცხობილები გამოაცხოთ გულის ფორმით და რომანტიკული განწყობა კიდევ უფრო აამაღლოთ.

 

ამასთანავე, არ დაივიწყოთ სასმელი, რაც ასეთ საღამოს კერძებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ კლასიკურად ღვინო მიირთვათ ან ცოტა მეტი ძალისხმევა არ დაინანოთ და სხვადასხვა კოქტეილი მოამზადოთ; მაგალითად, “ფლირტინი” - არაყი, შამპანური და ანანასის წვენი - რომელიც თემატურადაც მოუხდება თქვენს რომანტიკულ ვახშამს.

Expret Advices