თევზი სოუსში
სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში. დავამატოთ ხმელი რეჰანი. კარგად მოვურიოთ. დავახუროთ ქვაბს თავსახური და სტაფილოს დარბილებამდე ვთუშოთ. ამის შემდეგ, მოვაყაროთ ნახევარმთვარის ფორმაზე დაჭრილი ხახვი. განვაგრძოთ მოთუშვა 3–4 წუთით. თევზის ფილე დავჭრათ და მოთუშულ ბოსტნეულში ჩავაწყოთ. დავასხათ ცოტა წყალი. მოვაყაროთ მარილი და კიდევ 20 ჭუთით განვაგრძოთ მოთუშვა. ამ დროში, თევზი უნდა მოიხარშოს. მოხარშულ თევზს წინასწარგამზადებულ სოუსს მოვასხამთ და კიდევ რამდენიმე წუთით მოვთუშავთ.
სოუსის მომზადება:
მაიონეზს დაამატეთ ნაღები, თეთრი პილპილი, გატარებული ნუში და მიწისთხილი. კარგად მოურიეთ და სოუსიც მზადაა.
თეთრ ღვინოში მოხარშული სვია
სვიას ქერქი გავაცალოთ. გავრეცხოთ. მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ ღვინო ისე, რომ თევზს ფარავდეს 1/3–მდე.შემდეგ, დავამატოთ კარაქი, მრგვალად დაჭრილი ლიმონი, მოვაყაროთ მარილი, ქვაბს დავაფაროთ თავსახური და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ, თევზი გადმოვიღოთ თეფშზე, ირგვლივ შემოვუწყოთ მოხარშული კარტოფილი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, მწვანე ხახვი და გავაფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით.
თევზის გულიაში
გასუფთავებულ თევზს ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად. ზემოდან ვასხამთ ლიმონის წვენს, ვაყრით წიწაკას, მარილს. 15–20 წუთის განმავლობაში დასამარინადებლად ვტოვებთ. ამასობაში, წვრილად ვჭრით ხახვს, ნიორს და მწვანილებს. ამ ყველაფერს, ვუმატებთ ლიმონის ნაჭრებს და 3-4 წუთის განმავლობაში ზეთში ვთუშავთ. ვამატებთ ტომატ–პასტას, კარგად ვურევთ, ვასხამთ წყალს, მიღებულ სითხეში ჩავაწყობთ თევზის ნაჭრებს და 30 წუთის განმავლობაში ვტოვებთ ცეცხლზე.
დამარინადებული ხამსა
სამსა საქართველოში გავრცელებული თევზის სახეობაა. რამდენსაც ჩათვლით საჭიროდ, გაასუფთავეთ ისე,რომ თავიც მოაცალეთ. კარგად გარეცხილი მოათავსეთ ჯამში. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ხმელი ქინძის მარცვლები, ოხრახუში და კამა. ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ. ჯამი პირამდე აავსეთ ძმარითა და ზეთით. ასე დატოვეთ 2 დღით.