Search
Or
ღომის სხვა სახელი

ქართულ სამზარეულოში  ბევრი კერძია ისეთი, რომლის ანალოგიც სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ერთ-ერთი ასეთი კერძია - ღომი. იტალიაში მას ყვითელი სიმინდისგან ამზადებენ. სახელიც თემატური ჰქვია - პოლენტა,  ანუ სიმინდის მარცვლების ფაფა. მზადდება ზუსტად ისე, როგორც  ქართული ღომი.  წყალთან ერთად,  საათობით  იხარშება მანამ,  სანამ თხელ მასად არ გადაიქცევა.  ეს კერძი, ძირითადად, ჩრდილოეთ იტალიაშია გავრცელებული. თუმცა, მას აშშ-ს სამხრეთ შტატებშიც მიირთმევენ  სადილის დანამატის სახით.

ღომის ტყუპისცალი აფრიკელია. იქაურ „უგალის“ ჩვენსასგან ვერ გაარჩევთ. მოკლედ, გემოცა და გარეგნობაც ერთნაირი აქვთ ისევე,  როგორც მომზადების წესი. აფრიკის სუბ-საჰარულ ნაწილში მას  სხვადასხვა სახელით იცნობენ. მაგალითად, ზამბიასა და მალავიში ნშიმას ეძახიან, სამხრეთით - პეპს ან მილი პეპს, ხოლო ზიმბაბუელები კი საძას უწოდებენ. ამ ქვეყნებში, ის ძირითადი კერძის დანამატია და სუფრასთან  ბოსტნეულის, მწვანილის ან  ხორცის გვერდიგვერ მოაქვთ.
ამ კერძს კარიბის კუნძულებზეც ამზადებენ.  სავარაუდოა, რომ ღომის ტყუპისცალის კულტურა იქ, წლების წინ,  შავკანიანმა მონებმა  ჩაიტანეს. ერთ-ერთ კუნძულზე, კურაჩაოზე მას ფუნჩის სახელით იცნობენ. ჰაიტელები  მაი მოლინს ეძახიან.  
ჩინეთში ეს კერძი, საუკუნეების წინ, იმპერატორ ჰუანგ დის მოუმზადებია და სახელად ქონჯი დაურქმევია. ძენჰოს წიგნს თუ დავუჯერებთ,  ღომის სახეობებს შორის, ქონჯი უძველესი უნდა იყოს.ქონჯის  მაგვარი კერძი, თითქმის ყველა აზიურ კულტურაშია. განსხვავდება მხოლოდ მათი სახელები. ჰსან - ასე ჟღერს ბირმანულ ენაზე, კორეულად ჯუკია, ვიეტნამელები ჩა ო-ს უწოდებენ, კაიუ  იაპონურად ჰქვია, ინდონეზიურად კი უბრალოდ ბუბურია. ასეთივე სახელითაა ცნობილი მალაიზიაშიც, სადაც ბუბურ ლამბუკი ყველაზე პოპულარული კერძია რამადანისას.  მას პირდაპირ ქუჩაში, უზარმაზარ გობებში ხარშავენ და ხალხს უფასოდ ურიგებენ. ამბობენ, რომ მალაიზიაში ყველაზე გემრიელი ბუბური კუალა ლუმპურში მზადდება. დედაქალაქური რეცეპტის მიხედვით, სიმინდი წყლის ნაცვლად, ქოქოსის რძეში იხარშება, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს.  ალბათ, ესაა  იმის მიზეზი, რომ 60 წელია ამ კერძს მალაიზიურ სამზარეულოში პირველი ადგილი უკავია.
  
 ღომს ტყუპისცალი ევროპის კონტინენტზეც ჰყოლია, კერძოდ,  პორტუგალიაში. აქ, მას კანჟას სახელით იცნობენ.  მომზადების წესი იგივეა. აი  გემო კი,  ძალიან განსხვავებული. პორტუგალიური  ღომი დესერტია. მას  ხილთან ერთად ხარშავენ.