Search
ან
როგორ შევარჩიოთ ხორცი

ხორცი მეტად პოპულარული პროდუქტია და მასზე მოთხოვნა დიდია.  ჩვენში ყველაზე მეტად ფასობს საქონლისა და ღორის ხორცი. მაღაზიის დახლებზე კურდღლის ხორცი  საკმაოდ იშვიათია, ხოლო ცხვრის ხორცს თითქმის ვერსად ნახავთ. დაბინძურებული ხორცის მიღებით ადამიანს უამრავი დაავადება შეიძლება დაემართოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ძირითადი მახასიათებლები, რაც საღ, უსაფრთხო ხორცს გამოარჩევს უვარგისისგან.

 

ნუ იყიდით ხორცს, რომელსაც წებოვანი ზედაპირი აქვს; თუ თითის დაჭერისას წარმოქმნილი ღრმული უმალ არ ივსება და არ იბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას; თუ ხორცს არასასიამოვნო სუნი აქვს; თუ ხორცი ადვილად სცილდება ძვალს; თუ ხორცი ძალზე მუქი ფერისაა, ქონი კი - ყვითელი; თუ ხორცი არ არის დრეკადი და ელასტიკური; თუ ხორცს აქვს სისხლჩაქცევები და ჩალურჯებული ადგილები; თუ ხორცი სველია და მუდმივად გასდის სითხე (რაც იმის მანიშნებელია, რომ ხორცი გაყინული იყო და ჯერ კიდევ ლღვება). გაყინული ხორცის ხელახლა გაყინვა დაუშვებელია, რადგან ასეთ დროს დიდია პროდუქტის მიკრობებითა და ბაქტერიებით დაბინძურების შანსი.  გაყინული ხორცი გალღობისთანავე  უნდა მომზადდეს. თუ ხორცი ან მისი შესაფუთი მასალა ვარდისფერი ყინულის კრისტალებით არის დაფარული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის რამდენჯერმე გაყინეს და გაალღვეს. ჯანსაღი, ხარისხიანი ხორცი საყინულეში, -40 გრადუს ტემპერატურაზე, 1 წლის განმავლობაშიც ინახება. დაიმახსოვრეთ, რომ გაყინული ხორცის გალღობა მხოლოდ ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივრის ქვედა თაროზე შეიძლება, რასაც რამდენიმე საათი ჭირდება.

 

ჩვენი რჩევაა - არ იყიდოთ ხორცი საეჭვო ადგილებში. მოერიდეთ გაყინული ხორცის ყიდვას, რადგან ის შეიძლება არაერთხელ იყოს გამლღვალი ან სულაც გაფუჭებული აღმოჩნდეს, რასაც მხოლოდ გალღობის შემდეგ აღმოაჩენთ. ეს პროდუქტი მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში ან სუპერმარკეტებში შეიძინეთ, სადაც ვეტერინარის მიერ შემოწმებული და შესაბამისი სერთიფიკატით დადასტურებული, საღი ხორცი იყიდება.