Search
ან
მჟაუნას წვნიანი

მჟაუნას არსებობისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა არ სჭირდება, ბუნებრივადაც არაჩვეულებრივად ახერხებს თავის გადარჩენას. მეტსაც გეტყვით, იზრდება ბუჩქნარებში და ტყის პირას. ხარობს თითქმის სუბალპურ კლიმატშიც.

მჟაუნას მთავარი ღირსება, გემოსთან ერთად ისიც არის, რომ უხვად შეიცავს A და C ვიტამინებს, რკინასა და კალიუმს და ასე ვთქვათ, დიდი ფლორის პატარა საგანძურია!

ჩვენში ყველაზე გავრცელებული, მაგრამ ნამდვილად არასათანადოდ დაფასებულია მჟაუნას წვნიანი, რომლის მომზადებაც ნამდვილად არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას.

მოთუშეთ მწვანე ხახვის თეთრი ნაწილები, დაასხით მდუღარე წყალი, ან, სურვილისამებრ, ბულიონი. ჩაჭერით 3-4 ცალი კარტოფილი და ჩაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ბრინჯი. სანამ კარტოფილი მოიხარშება, დაჭერით მჟაუნა და მწვანე ხახვის დარჩენილი, მწვანე ღეროები, მოათავსეთ სუპში და დაამატეთ ქინძი, კამა, ოხრახუში და რეჰანი. სულ რაღაც 5 წუთი ხარშვის შემდეგ, თქვენი წვნიანი მზად არის, რა თქმა უნდა, იგულისხმება მარილი გემოვნებით.

შესაძლოა სიტყვები „მჟაუნა“ და „სერვირება“ ერთად ოდნავ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ, სინამდვილეში, ამ სერვირებას შემთხვევაში, სერვირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ღრმა თეფშზე მოათავსეთ წვრილად დაჭრილი, ან შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაასხით წვნიანი, დაამატეთ არაჟანი და გემრიელად მიირთვით!

თეგები