კამა მწვანილთა ოჯახის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც დილეტანტიც კი ერთი შეხედვით ცნობს. მას ხშირად იყენებენ კერძებში, როგორც საკმაზ-სანელებელ მცენარეს. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ის შეიცავს ვიტამინების მთელ კომპლექსს. მას არამარტო სანელებლის ფუნქცია აქვს, არამედ, გამოირჩევა იმით, რომ გააჩნია მადისაღმძვრელი თვისებები და ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს მშრალი საჭმლისა და ცომეულის მიღება.
საქართველოში, კამა ყველაზე ხშირად ახალ კარტოფილთან ასოცირდება და დიახ, ნამდვილად წარმოუდგენელია გაზაფხულის მიწურული ხრაშუნა კარტოფილის გარეშე, რომელსაც კამა ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის.
კამა აქტიურად გამოიყენება წვნიანების და სოკოს კერძების შესამკობად. ასევე, აუცილებელი ინგრედიენტია ტყემლისათვის. მწვანილის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარულია ხალხურ მედიცინაში, თუმცა, მისი მიღება საკვებად უკეთესია!
თუ თქვენ მახლობლად მიწის პატარა ნაგლეჯი მაინც მოგეპოვებათ, ამ უპრეტენზიო მცენარის დათესვაზე იფიქრეთ, საკუთარი ხელით მოპოვებულ სანელებლებს ნამდვილად განსაკუთრებული გემო აქვთ!