მერაბ კოსტავასა და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში შეამჩნევთ ძველ ბარელიეფს, წარწერით „საჭაშნიკე“, კოლორიტული პაბის ახალი სივრცე სტუმარს ნებისმიერ დროს უმასპინძლებს, იქნება ეს დატვირთული კვირის დასაწყისი, პარასკევი საღამო, საყვარელი ნაკრების თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია თუ საქმიანი ლანჩი.
ძველი თაობის თბილისელებს კარგად ახსოვთ საჭაშნიკე, ადგილი, სადაც ღვინის საყიდლად დადიოდნენ. შენობის ისტორიამ დიდი გავლენა იქონია კონცეფციაზე და ამავდროულად, კარგად შეერწყა თანამედროვეობას.
„საჭაშნიკე“-ს შენობა უნიკალური ბარელიეფით გამოირჩევა, რომელზეც ამოტვიფრულია კაცისა და ქალის გამოსახულებები ყურძნის მტევნებით და თარიღი – 1969 წელი.
„საჭაშნიკეს“ კონცეფცია, ბრენდინგი, გასტრონომიული და სასმლის მენიუს კონცეფცია, მარკეტინგი „გასტრონავტს“ ეკუთვნის. „გასტრონავტის“ პარტნიორი ამ პროექტში კომპანია „ბადაგონია“.
პაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ნაწილი ამ სივრცეში სპორტული ასპარეზობების ჩვენებაა. დარბაზში დამონტაჟებული ეკრანები სივრცის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს, რაც უმაღლესი ხარისხის ხმის სისტემასთან ერთად, “საჭაშნიკეს” იდეალურ ადგილად აქცევს სპორტის მოყვარულებისთვის.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს გასტრონომიულ მიმართულებაში გრილია: სტეიკი, ქაბაბი, თევზი, ბოსტნეული, მწვადი და ქათამი – ყველაფერი გრილზე მზადდება. ჩვენი გრილი, რეცეპტურაში ზედმეტი ჩარევის გარეშე, კერძებს გემრიელ, შებოლილ მარტივ გემოს აძლევს.
დესერტების შერჩევისას გადავწყვიტეთ ნოსტალგიური ხაზი აქაც გაგვეტარებინა. გვყავს მომხმარებლები, რომლებიც ჩვენთან მხოლოდ დესერტისთვის მოდიან და მიირთმევენ ძველებურ ე.წ. „ტრუბოჩკას“, „მედოკს“, ვაშლისა და კომშის ღვეზელს… ისინი აღნიშნავენ, რომ ეს გემოები მათ ბავშვობაში აბრუნებს და ბებიის მომზადებულ დესერტებს აგონებს.”