Search
ან
რესტო გიდი - ქუქი ბეიქერი

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და ხალხმრავალ ქუჩაზე, მყუდრო და ძალიან ფერადი საკონდიტრო გაიხსნა, გასტრო გიდმაც არ დააყოვნა და ქუქი ბეიქერის ესტუმრა. შესვლისთანავე მოვიხიბლეთ ინტერიერის ფერებით, სიმყუდროვით და რაც მთავარია პროდუქციის მრავალფეროვნებით. აღმოჩნდა, რომ აქ ორმოცამდე დასახელების ორცხობილა აქვთ, ნუგბარის კუთხეში კი კრემიანი ნამცხვრების და სასუსნავების დიდი არჩევანია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტკბილეულის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ცალკე უნდა აღინიშნოს არტიზანული პურების მრავალფეროვნება და იტალიური ყავის ნაირსახეობა, განსაკუთრებული მოხალვის ტექნოლოგიით, რომელსაც ადგილზე ფქვავენ და შეძენაც შესაძლებელია.
“ჩვენ გვიყვარს ტკბილეული და გვიყვარს ყავა, ალბათ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც ამ პროდუქტის კომბინაცია ჩვენსავით ძალიან უყვარს. ზუსტად ეს იყო პირველი ინსპირაცია, რომ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც საუკეთესო ხარისხის და გემოვნური თვისებების მქონე ორცხობილებს შესთავაზებდა მომხმარებლებს და ბაზარს. ასევე რეალურად დავინახეთ, რომ ნიშა იყო ბაზარზე და არცერთი ბრენდი ორცხობილების (ქუქისის) კუთხით არ პოზიციონირებდა, შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ პირველები ჩვენ ვყოფილიყავით. იდეა 2020 წლის ბოლოს დაგვებადა და ზუსტად შვიდ თვეში გავხსენით პირველი საცხობი /მაღაზია და დავიწყეთ ჩვენი ადგილის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იდეასთან ერთად უნდა გვქონოდა მიზანი, რომლისკენაც უნდა ევლო კომპანიას, შესაბამისად მიზნად დავისახეთ რომ გავმხდარიყავით ჩვენი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილი და შეგვეთავაზებინა ისეთი პროდუქტების არჩევანი, რომლის გაზიარებასაც შეძლებენ ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან, მეგობრებთან სტუმრობისას თუ მასპინძლობისას.
ქუქი ბეიქერის პარტნიორი და აღმასრულებელი შეფი არის ნატა წერუაშვილი. მას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს ამ სფეროსთან. ჩვენ გვაქვს საერთო  მიზნები და სამომავლო გეგმები. ასევე, ნატას მაღალი ჩართულობით მივიღეთ ის მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, რასაც დღეს ქუქი ბეიქერი სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებელს.
ჩვენი კონცეფცია პროდუქტიდან ბრენდინგამდე არის უნიკალური, არ არის არავისგან დაკოპირებული და არის მთლიანად ჩვენი შექმნილი. მიზანი ის იყო, რომ შეგვექმნა ქართული ბრენდი, რომელსაც ექნებოდა იდენტობა, იქნებოდა ლამაზი, ფერადი და ძალიან გემრიელი, გაახარებდა და გაახარებს ყველა ტკბილეულის და არა მხოლოდ ტკბილეულის მოყვარულს და ამით შექმნის უნიკალური გემოს განცდას და გამოცდილებას და გახდება მისი მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. 
ქუქი ბეიქერი გაიხსნა 2021 წლის ივლისში და დღეს უკვე ემსახურება დღეში 100-ზე მეტ მომხმარებელს, ჰყავს 10-მდე სტაბილური კორპორაციული კლიენტი და პარტნიორი რომლებიც ჩვენი პროდუქტებით მარაგდებიან. ჩვენ ვასაქმებთ 17 ადამიანს და ეს მონაცემი მზარდია, რადგან წარმოება იზრდება. უკვე ვახორციელებთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც გარე, ისე ჩვენი საკურიერო სერვისის საშუალებით.
ქუქი ბეიქერის მენიუს რამდენიმე მიმართულება აქვს. პურ-ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტი, საკონდიტრო ნაწარმი და მთავარი ხაზი - ორცხობილები.
საკონდიტრო ნაწარმამდე მინდა აღვნიშნო ჩვენი უსაფუვრო პურის უგემრიელესი სახეობები, რომელმაც მოკლე დროში უკვე მუდმივი მომხმარებელი შეიძინა. 
საკონდიტრო ნაწარმის ერთი ნაწილი მოიცავს კრემიან ნამცხვრებს. ასევე, განსაკუთრებული ნუგბარის ხაზს, როგორიცაა ნუგა, მარმელადი, მადლენი, მაკარონი, ტრიუფელი, ზეფირი და სხვა.
ორცხობილებს რაც შეეხება, გვაქვს ორმოცამდე დასახელების უგემრიელესი ორცხობილა. მინდა აქვე აღვნიშნო, თითოეული რეცეპტი არის განსაკუთრებული. უმაღლეს ხარისხის ნედლეულზე მომზადებული. მათ დასამზადებლად ვიყენებთ ბევრ ჩირს, ადგილზე მომზადებულ ცუკატს, ცეხვილისა და ჭვავის ფქვილს. საფრანგეთიდან ჩამოგვაქვს სპეციფიკური კატეგორიის ნედლეული, როგორიცაა ვარდის წყალი, ფორთოხლის ყვავილის წყალი და ა.შ. 
ვაპირებთ რომ გავიზარდოთ, ვფიქრობთ რომ ჩვენი მომსახურების მოდელი მაინც ქსელური საცხობი-მაღაზიის შექმნაა, ბევრი დაფარვის წერტილით, რომელიც თბილისსაც უნდა გასცდეს და საქართველოს მასშტაბით გაიშალოს. კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გვაქვს უფრო დიდი მიზნებიც, თუმცა ჯერ გვინდა რომ თბილისი და შემდგომ სხვა ქალაქების ათვისება შევძლოთ კარგად.” - ნიკა ღვაბერიძე, ქუქი ბეიქერის თანადამფუძნებელი