გავთალოთ ბადრიჯანი და დავჭრათ 4-5 გრძელ ნაჭრებად. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავაწყოთ ბადრიჯანი და შევწვათ ორივე მხრიდან. დავაყაროთ მარილი, გადმოვიღოთ ტაფიდან და დავალაგოთ სამზარეულო ქაღალდზე. სანამ ბადრიჯანი გაცივდება, ქაღალდი შეიწოვს ზედმეტ ცხიმს. ისევ დავაყაროთ მარილი.
წვრილად დავჭრათ ქინძი და გავატაროთ ნიგოზთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში. დავნაყოთ წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, მარილი და ხმელი ქინძი, დავამატოთ ნიორი და გავაგრძელოთ ნაყვა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ეს მასა შევურიოთ გატარებულ ნიგოზსა და ქინძს, დავამატოთ ძმარი და წყალი, ვურიოთ არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე, დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები და ფრთხილად ამოვურიოთ. მიღებული მასა გადავუსვათ ბადრიჯანს და გადავახვიოთ რულეტივით. სუფრასთან მიტანის წინ გასაფორმებლად მოვაყაროთ ბროწეული.