Search
Or
შოკოლადის კორპუსული კანფეტები
60+ Min
საშუალო
201-500 Kcal

კორპუსული შოკოლადის კანფეტები დღეს ძალიან პოპულარულია საკონდიტრო ხელოვნებაში. შოკოლადთან მუშაობა არაა რთული მაგრამ მოითხოვს სიფრთხილეს და მოთმინებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კანფეტებთან მუშაობისას არის შოკოლადის ტემპერირება. თუ შოკოლადი არაა სწორად ტემპერირებული, მაშინ არ გამოგვივა ის ეფექტი რომლის მიღებაც გვინდა. არასწორად დამუშავებული შოკოლადი არ იქნება ბზინვარე, არ ამოვა კარგად ყალიბიდან და ხელში დადნება. 

ingredients
400 400 გრ. შავი შოკოლადი
200 200 გრ. კარამელი
100 100 გრ. კაკაოს ცხიმი
რამდენიმე წვეთი სასურველი ფერის საღებავი
დამატებითი ჭურჭელი:
თერმომეტრი
კანფეტების მყარი ყალიბი
ფითხი (იგივე "შპატელი")
ქვის დაფა
step 1
სანამ დავიწყებთ ტემპერირებას, მოდით შევქმნათ ცოტა განსხვავებული დიზაინი. ამისთვის უნდა ავიღოთ კაკაოს ცხიმი და ბოლომდე გავადნოთ ის. შემდეგ დავამატოთ საღებავი, რომ მივიღოთ ხასხასა ფერი. მე გავადნე ორ ჯამში ცხიმი და მივიღე ორი ფერი, ყვითელი და წითელი. როცა ცხიმი გაცივდება 27 გრადუსამდე, შეგვიძლია ფუნჯით შევღებოთ კანფეტების ყალიბის შიდა მხარე, სადაც შემდეგ უნდა ჩავასხათ შოკოლადი. შევდგათ ყალიბი მაცივარში 20 წუთით, იმისთვის რომ კაკაო ცხიმი გაცივდეს და გამაგრდეს.
step 2
დავიწყოთ შოკოლადის ტემპერირება. იმისთვის, რომ სწორად დავატემპერიროთ შოკოლადი, პირველ რიგში ის უნდა გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. ქვაბში უნდა ჩავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლე, ზემოდან ქვაბს უნდა დავადოდ ჯამი შოკოლადით და ამ ჯამის ძირი არ უნდა ეხებოდეს წყალს. ასე უნდა გავადნოთ შოკოლადი ორთქლზე. ტემპერირებისთვის აუცილებელია თერმომეტრის გამოყენება. გამდნარი შავი შოკოლადის ტემპერატურა უნდა მივიყვანოთ ჯერ 45 გრადუსამდე, მერე გადმოვასხათ შოკოლადი ქვის დაფაზე ან სამზარეულოს ქვის ზედაპირზე და გავაციოთ 27 გრადუსამდე. გასაცივებლად ვიხმაროთ პლასტიკის შპატელი, რომლითაც მოვურევთ შოკოლადს. როდესაც შოკოლადი გაცივდება 27 გრადუსამდე, დავაბრუნოთ ჯამში და ისევ ორთქლის აბაზანაზე შევათბოთ 30-31 გრადუსამდე. შოკოლადი ტემპერირებულია.
step 3
შემდეგ ტემპერირებული შოკოლადი ჩავასხათ ყალიბში, რომელიც უკვე მოვხატეთ კაკაო ცხიმით. დავარტყათ ყალიბი მაგიდას რამდენჯერმე, რომ შოკოლადიდან ზედმეტი ჰაერი ამოვიდეს. მაგიდაზე დავაფინოთ საკვები ცელოფანი, ავიღოთ ყალიბი და ზედ ცელოფანზე ჰაერში გადმოვატრიალოთ, რომ ზედმეტი შოკოლადი გადმოიღვაროს. ამ ეტაპზე გვერდებიდან ყალიბს რამოდენიმეჯერ უნდა დავარტყათ ყველა მხრიდან, რომ კარგად გადმოვიდეს შოკოლადი. მოვასუფთავოთ ზემოდან შპატელით ყალიბი და ისევ გავიმეოროთ ეს პროცესი, მეორეჯერაც მოვასუფთავოთ ზემოდან ყალიბი და დავასვენოთ მაცივარში 20 წუთით.
step 4
როდესაც ყალიბში მოთავსებული შოკოლადი გაცივდება და გამაგრდება, გამოვიღოთ მაცივრიდან და ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის შიგთავსი, ჩვენ ვიხმარეთ კარამელი. შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსი გამოიყენოთ, მაგალითათ: შოკოლადი, პრალინე, ნუშის მარციპანი, ალუბალი ან სხვა ნებისმიერი კენკრა. როდესაც შიგთავსი მოვათავსებთ, ზემოდან ისევ დავასხათ ტემპერირებული შოკოლადი, რომ დავფაროთ კანფეტების კორპუსები. მოვასუფთავოთ შპატელით ზემოდან ყალიბი და ისევ დავაბრუნოთ მაცივარში 40 წუთით.
step 5
როდესაც შოკოლადი კარგად გამაგრდება, გამოვიღოთ, გადმოვატრიალოთ და გვერდით ოდნავ დავარტყათ მაგიდას. კანფეტები ადვილად გადმოვარდებიან.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!