Search
Or
იტალიური სამზარეულო

იტალიური სამზარეულოს მრავალფეროვნება მისი რეგიონული სამზარეულოების მრავალფეროვნების შედეგია. ჩრდილოეთში უფრო მესაქონლეობას მისდევდნენ, ამიტომ მათი სამზარეულოს ტრადიციული კერძები ხორცისგან და რძის პროდუქტებიგან მზადდება. სამხრეთში ბევრი ხილი და ბოსტნეული მოდის, აქედან გამომდინარე, იქაური სამზარეულო მდიდარია სალათებით, სოუსებითა და რიზოტოს სხვადასხვა ვარიანტით. რაც შეეხება ყველასთვის საყვარელ პასტას, მისი წარმოშობის საკითხი ჯერ კიდევ სადავოა. არსებობს მოსაზრება, რომ ცომის ნაწარმის მდუღარეში მოხარშვის იდეა ჩინელებს ეკუთვნით და მარკო პოლომ თავისი ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჩამოიტანა პასტის რეცეპტი იტალიაში. თუმცა პასტა ისეთი სახით, როგორიც დღეს არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ იტალიელთა დამსახურებაა. ეს მათ მოიგონეს პასტის სხვადასხვა სახეობა და ფორმა, მათ შეაზავეს ის ყველით, პამიდვრითა და უამრავი სხვა სოუსით. ასე რომ პასტა -  ჭეშმარიტად იტალიური კერძია.

 იტალიური სამზარეულოს ნამდვილი მშვენებაა პიცა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კერძია. პიცა თავდაპირველად ღარიბების საჭმელად ითვლებოდა - ისინი წინა ღამის ვახშმის მონარჩენებს ცომის ფირფიტაზე ათავსებდნენ და აცხობდნენ. დღესდღეობით პიცის უამრავი ვარიანტი არსებობს: მარგარიტა, კაპრიჩოზა, ვეგეტარიანული, პეპერონი, ოთხი ყველის და სხვ. დახურულ პიცას კალცონე ეწოდება.  იტალიური სამზარეულოს დედოფალია დესერტი ტირამისუ, რომელიც გამომცხვარი ჩხირების (ე.წ. ლედიფინგერსი) და მასკარპონეს კრემისგან მზადდება.

 იტალიურ სამზარეულოში აქტიურად გამოიყენება სანელებლები. განსაკუთრებით პოპულარულია ბაზილიკი, რომელსაც თითქმის ყველა კერძს უმატებენ.

 იტალია მდიდარია ღვინისა და ყველის ნაირსახეობებით. პოპულარული ღვინოებია: პროსეკო, ბარბარესკო, ბაროლო, სანჯოვეზე, მარსალა, კიანტი, ბრნელო დი მონტალჩინო და სხვ.  ყველებიდან ძალზე ფასობს მოცარელა, გორგონძოლა, რიკოტა, პარმიჯანო და ა.შ. ძალზე სასიამოვნო დასალევია იტალიური ლიქიორი ლიმონჩელო, რომელიც ლიმონის ბაზაზე მზადდება. რაც შეეხება არაალკოჰოლურ სასმელებს, აქ პირველობას არ თმობს ყავა: კაპუჩინო, ესპრესო, მოკა და სხვ.