Search
Or
საკვები ყვავილები

საუკუნეების მანძილზე ადამიანები გამოიყენებდნენ ყვავილებს საკვებად, პირველი ჩანაწერი ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნით თარიღდება. რომში, საბერძნეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში, ყვავილები გამოიყენებოდა საკვებ დანამატად, სასმელებში, ნაყენების, ჩაის და ა.შ. მოსამზადებლად. Სამხრეთ ამერიკულ ცივილიზაციებში, (აცტეკები, მაია) ყვავილებს გამოიყნებდნენ როგორც საკვებად, ასევე რელიგიურ რიტუალებში.

გარდა იმისა, რომ ყვავილები მშვენიერი ფერადი დანამატია და ნებისმიერ თეფშს ალამაზებს, მათ ასევე გემოვნური თვისებების გამო იყენებენ ამა თუ იმ კერძში. ყველა საკვებად ვარგის ყვავილს განსაკუთრებული და განსხვავებული არომატი აქვს, მაგალითად ნასტურციუმს ოდნავ მომწარო, პილპილისებური გემო აქვს და იდელურია სალათებთან. Მზესუმზირის ყვავილს თხილის არომატი დაჰყვება და უხდება შემწვარ კერძებს და ა.შ.
ქართულ სამზარეულოშიც მოიძებნება კერძები ყვავილების გამოყენებით, ერთ-ერთი მათგანია სვანური წვნიანი მერხელი, რომელიც ჭინჭრის ფოთლებთან ერთად იის ყვავილებით არის მომზადებული.
ყაბაყის მოზრდილი ყვავილებისგან უგემრიელესი კერძები მზადდება. არტიშოკი გაუშლელი ყვავილია, მას ფართოდ გამოიყენებენ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოში.
ყველაზე მეტად გავრცელებული ყვავილები, რომელსაც ძალიან ხშირად ამზადებთ და შესაძლოა არც კი იცით ამის შესახებ, არის ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი, დიახ, ბიოლოგიურად ეს განუვითარებელი ყვავილებია, რომლებიც ჩამოყალიბდა მოზრდილ, მყარ მასად.

იასამანი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გაზაფხულის ყვავილია ჩვენთან, ის საკვებად ვარგისია, თუ არ არის ქიმიურად დამუშავებული. იასამანს უმეტესად გამოიყენებენ დესერტებში. განსხვავებული გემოვნური თვისებების გარდა, მხოლოდ დეკორისთვისაც იდეალური ყვავილია.
იასამნის არომატიანი შაქრის მომზადება მარტივად შეგიძლიათ, დიდხანს ინარჩუნებს სურნელს და დესერტებში, ჩაისა თუ ტკბილ სასმელებში გამოსაყენებლად იდეალურია. იასამნის ყვავილები კარგად უნდა გაირეცხოს და გაშრეს, შემდეგ სასურველი ზომის ქილაში ფენებად ჩაიყაროს შაქართან ერთად. ინახება ჰერმეტულად ბნელ და მშრალ ადგილას 1 კვირის განმავლობაში, პერიოდულად საჭიროებს შენჯღრევას, რათა არომატები კარგად გაუჯდეს შაქარს. 1 კვირის შემდეგ იასამნის არომატიანი შაქარი მზად არის, საჭიროა ყვავილებისა და შაქრის განცალკევება მსხვილი საცერის დახმარებით. 

მნიშვნელოვანია, რომ საკვებად განკუთვნილი ყვავილები იყოს ორგანულად მოყვანილი, ანუ პესტიციდების გარეშე. დეკორატიული ყვავილები, როგორც წესი, ქიმიურად მუშავდება და მათი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. Სასურველია ყვავილების დილით ადრე დაკრეფა, ვიდრე მზე დაანათებს, ხოლო შემდეგ ჰერმეტული კონტეინერით რამდენიმე დღე მაცივარშიც ინახება. ყვავილები რამდენჯერმე უნდა გაირეცხოს წყლით სავსე ჯამში, რომ არ დაზიანდეს გამდინარე წყლის ქვეშ.