Search
Or
სმუზის ჯამი

სმუზის ჯამი ჯანსაღი კვების მიმდევრების ერთ-ერთი საყვარელი საუზმეა. Ჩვეულებრივი სმუზისგან განსხვავებით უფრო სქელი მასაა, ემატება დაჭრილი ხილი, თხილეული, მარცვლეული, ან გრანოლა სიხრაშუნისთვის, მიირთმევენ კოვზით.
იმისთვის რომ შედარებით სქელი მასა მივიღოთ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, მაგალითად გაყინული ხილის გამოყენება, ნაკლები სითხის დამატება, ან შვრიის ფანტელით შესქელება. ასათქვეფად ვიყენებთ ჩოპერს, მიღებულ მასას ვათავსებთ ჯამში და ვრთავთ სხვადასხვა გემრიელი დანამატით ჩვენი გემოვნებით.

ორი ულუფა შოკოლადის სმუზის ჯამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 მოზრდილი ბანანი (შეგიძლიათ წინასწარ გაყინოთ დაჭრილი)
1 ჩ.კ თაფლი ან სხვა დამატკბობელი
1 ჩ.კ უმი კაკაო
1/2 ჭიქა ქოქოსის რძე (ან ნებისმიერი რძე)
ყველა ინგრედიენტს ვატრიალებთ ჩოპერში, ვიდრე არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას, გადავიტანთ ჯამებში და მოვაყრით გრანოლას, სელის მარცვალს, ჩიას, თხილეულს და დაჭრილ ბანანს.

გრანოლა სმუზისთვის იდეალური დანამატია, ხრაშუნა და გემრიელი, მოცემული რეცეპტით მომზადებული გრანოლა დაახლოებით 1 კვირის სამყოფია, ინახება ჰერმეტულად 2 კვირამდე.
 
გრანოლას მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ჭიქა შვრია
Მწიკვი მარილი
½ ჩ.კ დარიჩინი
1/2 ჭიქა დაჭრილი თხილეული.
2 ს.კ ქოქოსის ზეთი (ან ზეითუნის ზეთი)
2 ს.კ თაფლი
⅓ ჭიქა Ჩირი ან დაჭრილი შოკოლადი თქვენი გემოვნებით.

პატარა ქვაბით შევათბობთ თაფლს და ქოქოსის ზეთს. ჯამში ავურევთ შვრიას, თხილს, დარიჩინს, მარილს. დავასხამთ თაფლს, კარგად მოვურევთ, რომ შვრია ამოევლოს თაფლში, გავანაწილებთ საცხობ ფირფიტაზე და ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე 15 წუთი. კარგად გადავურევთ და დავტოვებთ ღუმელში კიდევ 15 წუთი. შოკოლადი და ჩირები ემატება გაგრილების შემდეგ.