დაფნისებრთა ოჯახის მარადმწვანე წარმომადგენელი საუკუნეების წინ მეფეების თავს, ხოლო დღეს დიასახლისთა ნავთსაყუდელს ამშვენებს.
შესაშური რეპუტაციის გამო დაფნის ფოთლებს კეთილშობილის წოდება მიანიჭეს. ის თანაბარი წარმატებით გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტოლოგიასა და დიეტოლოგიაში.
ეთერზეთოვანი მცენარე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან გავრცელდა. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დაფნის ფოთოლი ხელოვნების მფარველი ღმერთის - აპოლონის აუცილებელი ატრიბუტია. დაფნის ტოტი კი ყველანაირი ტრიუმფის სიმბოლო. ისტორია მოგვითხრობს, რომ იულიუს კეისარი დაფნის ფოთოლს ძალაუფლების ნიშნად მიიჩნევდა.
დაფნის მოშენება ოჯახის პირობებშიც არის შესაძლებელი. ლამაზი გვირგვინით შემკული მარადმწვანე ბუჩქი სასიამოვნო სუნს გამოსცემს. მზის მოყვარული მცენარის განთავსება ფანჯარასთან არის მიზანშეწონილი.
დაფნის შემადგენელი ყველა ნაწილი გამოიყენება სამკურნალო მიზნებისთვის. მათ შორის ქერქი, კურკა, ფოთოლი და ტოტი.
დაფნას გამოიყენებენ ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა: საერთო დამბლა, სახის ნერვების დამბლა , ღვიძლის და ელენთის სიმსივნე და ა.შ.
დაფნის ფოთოლთა ნაყენი ჭარბ წონას ეფექტურად ებრძვის. ის ზედმიწევნით გამოდევნის მარილებს ორგანიზმიდან, შესაბამისად მისი მიღება მხოლოდ გონივრული დოზით არის დასაშვები. სპაზმებისა და მაღალი წნევის დასაწევად ის უებარი საშუალებაა.