არომატული და ხასხასა ტარხუნა თავისებური, დამახასიათებელი გემოთი გამოირჩევა. ის მდიდარია A, B, E ვიტამინებით, აგრეთვე ეთერზეთებით, მაგნიუმით, კალციუმით, ფოსფორით, რკინით, სპილენძით, და სხვ.
ტარხუნა აქტიურად გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე პარფიუმერიასა და მედიცინაში. მას უმატებენ წვნიანებს, სალათებს, სოუსებს, ღვეზლებს, პურ-ფუნთუშეულს, წვენებს, ჩაის, მარინადებს, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებს. მისი პიკანტური გემო, რომელიც განსაკუთრებით მჟავე პროდუქტებთან შეხამებაში იკვეთება, სასიამოვნო ნოტებით ამდიდრებს ნებისმიერ საკვებს. ეს მწვანილი მოზომილად უნდა ვიხმაროთ კერძების მომზადებისას, რადგან მისმა დომინანტურმა გემომ შეიძლება სხვა გემოები უბრალოდ დაჩრდილოს. ტარხუნის ექსტრაქტის ბაზაზე მზადდება ძალზე პოპულარული ლიმონათი. ტარხუნა უგემრიელესი ქართული კერძის - ჩაქაფულის - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია. მარხვის პერიოდში ამ კერძს, ხორცის ნაცვლად, კარტოფილით ამზადებენ და ტარხუნის წყალობით ძალზე გემრიელი გამოდის. ეს არომატული მწვანილი მისწრებაა მათთვის, ვისაც უმარილო დიეტის დაცვა უწევს. თუ თქვენს საკვებს ტარხუნას დაუმატებთ, უმარილო საკვები ბევრად გემრიელი გახდება. ტარხუნა, როგორც წესი, ცოცხლად გამოიყენება, რადგან გამხმარს ძალიან სუსტი გემო და არომატი აქვს, ამიტომ მისი შენახვა არ ღირს. თუ ტარხუნის რამდენიმე ღერს ღვინის ძმრით სავსე ბოთლში ჩავაგდებთ, ერთ თვეში განსხვავებული გემოს მქონე ძმარი გვექნება. ამავე პრინციპით მზადდება ტარხუნის არომატიანი ზეთი და არაყიც კი. აქვე გთავაზობთ ტარხუნის სოუსის მარტივ რეცეპტს.
ავიღოთ 100 მლ ზეითუნის ზეთი, 30 მლ თეთრი ღვინის ძმარი, 3-4 ღერი წვრილად დაჭრილი ტარხუნა, ცოტაოდენი მარილი, მწიკვი პილპილი და დავაბლენდეროთ. ამ სოუსით შეგიძლიათ შეაზავოთ სალათა, აგრეთვე თევზის, ხორცისა და ბოსტნეულის კერძები.