ნიგოზი მეტად გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო პროდუქტია. იგი შეიცავს A, B1, B2, E და F ვიტამინებს, ცხიმებს, ცილოვან ნივთიერებებს და სხვადასხვა მინერალს. ნიგოზი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, განსაკუთრებით დიდი დატვირთვით კი - ქართულ სამზარეულოში. ნიგვზის გამოყენებით ამზადებენ წვნიანებს, სოუსებს, სალათებს, ცივ საუზმეულსა და დესერტებს. ნიგვზის გარეშე წარმოუდგენელია ახალი წელი, რადგან ამ ულამაზესი დღესასწაულის აღსანიშნავად მომზადებული გოზინაყი, საცივი და ჩურჩხელა ყველა ოჯახის სუფრას ამშვენებს.
ნიგვზიანი ბადრიჯანი და მხალეული (პრასის, ისპანახის, ჭარხლის, კომბოსტოსი და ა.შ.), ამოლესილი ლობიო, მეგრული ხარჩო, ბაჟეს საწებელი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქართული კერძებისა, რომელთა მომზადება წარმოუდგენელია ნიგვზის გარეშე. საქართველოში კიტრისა და პამიდვრის უბრალო სალათსაც კი ნიგვზიან სოუსით კმაზავენ, რაც კერძს სულ სხვა არომატსა და გემოს ანიჭებს. გარდა ნაყოფისა, ქართულ კულინარიაში კაკლის ფოთლებიც გამოიყენება. მაგალითად, ფოთლებს აფენენ კეცის ძირზე და ისე აცხობენ მჭადებს ან მთლიან თევზს (როგორც წესი, კალმახს) ახვევენ ფოთლებში და ისე წვავენ. ასე მომზადებული კერძი გაცილებით გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი წესით მომზადებული.
ძალზე სასარგებლო პროდუქტია აგერთვე ნიგვზის ზეთი, რომელიც ცივი დაწურვით მიიღება. ბაჟეს, როგორც წესი, ნიგვზისგან გამოხდილი ზეთის წვეთებით რთავენ ხოლმე. ნიგვზის ზეთით ასევე შეიძლება ნებისმიერი სალათის შეზავება. ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კაკლის მურაბა, რომელსაც დაუმწიფებელი ნაყოფისგან ამზადებენ. ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი გენიალური მურაბის გამო გარჯა ნამდვილად ღირს!