Search
ან
კიწის კექსი
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

“ცხობა 12 წლის ასაკში დავიწყე, მაშინ პირველად ორცხობილები დავაცხვე. 
მას შემდეგ ცომთან ვმეგობრობ, თუმცა, წლებთან ერთად და ჯანსაღ ცხოვრების წესზე გადასვლასთან ერთად, ვცდილობ რაციონში და დესერტებშიც მაქსიმალურად ჯანსაღი ალტერნატივები ავირჩიო. სრულად ამოვიღე შაქარი და ჩავანაცვლე ის თაფლით. 
მიყვარს მარტივი რეცეპტები, სადაც ინგრედიენტების ჩანაცვლება საბოლოო შედეგზე უარყიფითად არ აისახება და პირიქით ახალ, განსხვავებულ ნოტებს სძენს გემოს. 
როგორც წესი, ჩემს სამზარეულოში, ყველა კერძი ექსპრომტად კეთდება, არსებული ინგრედიენტების ლოგიკური შეხამებით. რეცეპტებს თითქმის არასდროს ვიწერ და ყველაფერს თვალის ზომით ვაკეთებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხსენებ შემადგენლობას, თუ გარშემომყოფთა ოვაციებს იწვევს... ეს კექსიც ასე დაიბადა და ჩვენი ლაშქრობების განუყოფელ თანამგზავრად იქცა. Შაქრის შემცველი შოკოლადებისა და წასახემსებლებისგან განსხვავებით, გრძელვადიანი ენერგიისა და სასარგებლო მიკროელემენტების გროვაა. 
ასევე, სულ ვამბობ, რომ ჯანმრთელი საკვები გემრიელია, თუ საკვებს ხელოვნური გემოს გამაძლიერებლები და არომატიზატორები არ ურევია, იმას არ ნიშნავს, რომ გემო არ აქვს. როგორც სტარტერები, ისე ძირითადი კერძები და დესერტები შეიძლება იყოს გემრიელი და სასარგებლო, აძლიერებდეს იმუნიტეტს და აუმჯობესებდეს ნივთიერებათა ცვლას. საბოლოო ჯამში ხომ ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის 70% სამზარეულოში იქმნება”. კიწი სამსონაძე, ფოტოგრაფი
 

ინგრედიენტები
100 100 გრ. კარალიოკის ჩირი
60-70 60-70 გრ. ლეღვის ჩირი
50 50 გრ. ქიშმიში
50 50 გრ. ფინიკი
1 1 ცალი ესპრესო
30 30 გრ. გოგრის გული
30 30 გრ. მზესუმზირა
30 30 გრ. ნიგოზი
30-40 30-40 გრ. თაფლი ან ბაქმაზი გემოვნებით
2 2 ცალი საშუალო ზომის ვაშლი
2 2 ცალი კვერცხი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი სოდა
1 1 მწიკვი დარიჩინი (ან გემოვნებით)
100-150 100-150 გრ. ფქვილი
საფეხური 1
ღუმელს ვაცხელებთ 180 გრადუსზე. ჩირს და ნიგოზს, გარდა ქიშმიშისა, ვაქუცმაცებთ წვრილად, ვამატებთ ქიშმიშს და სხვა თხილეულს. გავთლით და გავხეხავთ ვაშლს, დავამატებთ ჩირებს.
საფეხური 2
ვაყრით დარიჩინს და სურვილისამებრ, დამატკბობელს. ვასხამთ ესპრესოს. ჩირის მასაში ვამატებთ კვერცხს.
საფეხური 3
ფქვილში ვყრით სოდასა და მარილს, ვამატებთ ჩირების მასაში. ყველაფერს კარგად ვურევთ, რომ კექსის ცომის კონსისტენციის მასა მივიღოთ.
საფეხური 4
შევდგათ კექსი ღუმელში და 20 წთ 180 გრადუსზე ვაცხოთ, შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 160 გრადუსამდე, რომ შიგთავსი კარგად გამოცხვეს.
საფეხური 5
დაახლოებით 40-50 წთ შემდეგ ჩხირით შევამოწმოთ, თუ შიგთავსი გამომცხვარია, ტემპერატურა ისევ 180 გრადუსამდე ავწიოთ და მხოლოდ ზედა მხარე დავტოვოთ ჩართული, რომ ზედა ნაწილი უფრო შეიფეროს. კექსი მზადაა.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!

თეგები